რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, ასევე ითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.
მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით- „რეჟიმი გვწამლავს, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას”.
აქციის მონაწილეთა ნაწილი თსუ-ის კორპუსთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით შეუერთდა ფილარმონიასთან შეკრებილებს. ამ წუთებში პროტესტის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირის გავლით რუსთაველზე, პარლამენტის შენობის მიმართულებით მიდიან.
აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს მიმართეს, რომ აქციის გამართვის საშუალება მიეცეთ. ისინი ავტობუსის ზოლსა და ტროტუარზე გადაადგილდებიან.
„მივმართავთ პოლიციას, ვინაიდან ხალხის რაოდენობა ბევრია, მოგვეცეს საშუალება, რომ აქცია ტრადიციულად გავმართო ისე, როგორც ვმართავთ. აქვე ვიტყვით, რომ ახალ წელს ტრადიციულად ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე.
ეს იქნება საპროტესტო-საზეიმო შეკრება. პირველი გიმნაზიის წინ დამონტაჟდება სცენა და შესრულდება მუსიკალური ნომრები. თხოვნა გვექნება, ყველა მოვიდეთ ნობათით და ვისურვოთ ქოციანობის დამთავრება, „ცეცხლი ოლიგარქიას“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.