თბილისის ცენტრში ოჯახის გამოსახლების პროცესი იწყება

თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში, აღსრულების პოლიცია ოჯახის გამოსახლებას იწყებს. სადარბაზოს შესასვლელში შეკრებილი ადამიანები ცდილობენ მას ხელი შეუშალონ.
როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან “დან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ, ხატიაშვილებმა საქართველოს ბანკს 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.
ადგილზე მისულია საპატრულო პოლიციაც. გადაკეტილია კეკელიძის ქუჩა, სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი კი შედუღებულია. აღსრულების პოლიცია ცდილობს შენობაში შესვლას.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სამი კაცი ადგილიდან გაიყვანეს – სავარაუდოდ, ისინი დააკავეს. რადიო თავისუფლება ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს.
კორპუსიდან აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს წყალს ასხამენ. ზუსტად ამ დროს თბილისში ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსია.
ერთ-ერთი მედიასაშუალების, “მაუწყებლის” ჟურნალისტი, რომელიც ავტომობილის სახურავიდან მუშაობდა პირდაპირ ეთერში, პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩაიყვანა. ის პოლიციის თანამშრომლებს უხსნიდა, რომ იყო ჟურნალისტი, მანქანა კი მას ეკუთვნოდა.
მოქალაქეების მხრიდან ისმის შეძახილები: “მონა”, “წადი”…
ბინა წლების განმავლობაში, 2018 წლამდე, ეკუთვნოდა მარინა ხატიაშვილის ოჯახს. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი აღსრულების პოლიცია ცდილობს მათ გამოსახლებას.
აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება გამოსახლების შესახებ მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა.
მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.
ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, აუქციონზე გაყიდული ბინიდან გასახლების გადაწყვეტილება შეცვალა ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ.
აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში მისული იყო გასულ წელსაც, ზუსტად 23 იანვარს. აღსრულების პოლიციამ, მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ, გადადო ოჯახის გამოსახლების პროცესი.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა