გარიგებული მატჩები – ახალი სკანდალი ქართულ ფეხბურთში. რამდენად შორს წავა გამოძიება?

მიმდინარე კვირა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედეტო და უმკაცრესი სასჯელით აღინიშნა. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ხუთ მოთამაშეს, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის გამო, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯათ.
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი ორსაათიანი მსჯელობის მიუხედავად კონსენსუსამდე ვერ მივიდა. აღმასკომის 8 წევრი, ხუთი ეჭვმიტანილი ფეხბურთელის 5 წლიან დისკვალიფიკაციას ითხოვდა, ცხრა წევრმა კი მოთამაშეების ფეხბურთიდან სამუდამო მოკვეთას დაუჭირა მხარი.
ასეთი უმკაცრესი გადაწყვეტილება 1990 წლიდან, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საბჭოთა კავშირის ფედერაციას გამოეყო, არასოდეს მიუღიათ.
ფედერაციის აღმასკომის 9 წევრმა გადაწყვიტა, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეღო ხუთივე ფეხბურთელს. სადაც არ უნდა წავიდნენ ეს ფეხბურთელები კარიერის გასაგრძელებლად, ჩვენი გადაწყვეტილება ყველგან ძალაშია.“ ზვიად სიჭინავა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, რომ ტოტალიზატორებთან გარიგება ქართულ ფეხბურთს ასამარებს და ეს უმკაცრესი განაჩენიც ამით არის გამოწვეული:
„ძნელი გადასაწყვეტი იყო, ამიტომ ხმები გაიყო 9-8-ზე. აღმასკომის 8 წევრი ითხოვდა 5 წლიან დისკვალიფიკაციას და 9 წევრმა გადაწყვიტა, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეღო ხუთივე ფეხბურთელს.
სადაც არ უნდა წავიდნენ ეს ფეხბურთელები კარიერის გასაგრძელებლად, ჩვენი გადაწყვეტილება ყველგან ძალაშია.“
ფედერაციამ ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთა მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი 25 წლის გიგა ბეჭვაია, რომელიც თბილისის „ვით ჯორჯიას“ ღირსებას იცავდა;
„სამტრედიის“ ორი ფეხბურთელი: 32 წლის სპარტაკ გოგია და 24 წლის კახა კირთაძე. ასევე, ზუგდიდის „ბაიას“ მოთამაშეები: 29 წლის ლევან ვართაგავა და 35 წლის როინ ონიანი, ამ უკანასკნელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი ჰქონდა გამართული. ონიანი საქართველოს თასის ორგზის მფლობელია.
კოსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) მიერ ჩატარებული ოპერაციით გაირკვა, რომ ეს ფეხბურთელები სისტემატურად ურიგდებოდნენ ტოტალიზატორის წარმომადგენელს და ხელოვნურად განსაზღვრეს ეროვნული ჩემპიონატის რამდენიმე მატჩის საბოლოო შედეგი.
გარიგების სანაცვლოდ გასამჯელოს სახით, ფეხბურთელები სოლიდურ თანხებს იღებდნენ. კუდი-ის ინფორმაციით, 2011 წლის 15 აპრილს გამართული “სამტრედიისა” და ბოლნისის “სიონის” მატჩში, გოგიამ და კირთაძემ 15 000 ლარი აიღეს;
19 აპრილს ჩატარებული თბილისის “დინამოსა” და ზუგდიდის “ბაიას” მატჩი, ონიანმა და ვართაგავამ 12 000 ლარის სანაცვლოდ “დათმეს”; 30 აპრილს, “ვით ჯორჯიასა” და ბოლნისი “სიონის” შეხვედრის ბედი კი ბეჭვაიამ 20 000 ლარად გადაწყვიტა.
კუდ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში, გიგა ბეჭვაია შუამავალს ეუბნება: “ამ ფულში, პირველსავე ტაიმში შეცვლას გიკეთებთ, პირველ ყვითელს გიკეთებთ და ჩვენი მეტი აუტი იქნება. თავი რომ დავიზღვიოთ, სადღაც თხუთმეტ აუტს ჩავაწვდით”.
ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება საკმაოდ მკაცრია. გიგა ბეჭვაია, “ვით ჯორჯიას” ნახევარმცველი
სფფ-ს აღმასკომის გადაწყვეტილებას ფედერაციის შენობასთან სწორედ გიგა ბეჭვაია ელოდა, განაჩენს მან ძალიან მკაცრი უწოდა
„განიხილეს ყველა გარემოება და ასე ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრი განაჩენი გამოიტანეს. საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა სხდომა, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება საკმაოდ მკაცრია.“
ოფიციალურად, პოლიციას დაკავებული ჰყავს „სამტრედიის“ ყოფილი ფეხბურთელი, 28 წლის დავით გაბედავა, რომელიც უცხოეთის ტოტალიზატორების წარმომადგენლებსა და ფეხბურთელებს შორის შუამავალი იყო.
ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა UEFA დამატებით მოითხოვა სამი მატჩის გამოძიება, რომლებსაც უეფა საეჭვოს უწოდებს.
წინასწარი ინფორმაციით, ფსონებს ამ მატჩებზე ერთ-ერთი აზიური სახელმწიფოს ტოტალიზატორი იღებდა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია “ამერიკის ხმასთან” ამბობს
„გარიგებულ მატჩებზე ჩვენს ჩემპიონატში ადრეც იყო საუბარი, სამწუხაროა რომ ის საუბრები არ იქნა გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი. აი მან მოგვიყვანა აქამდე. ჩვენ რომ ადრე ეს ყველაფერი გამოგვეძიებინა ასეთ მძიმე შედეგს არ მივიღებდით. იმედი მაქვს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა, ვინც დასასჯელია ყველა სამაგალითოდ დაისჯება. თემურ ქეცბაია, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„გარიგებულ მატჩებზე ჩვენს ჩემპიონატში ადრეც იყო საუბარი, სამწუხაროა რომ ის საუბრები არ იქნა გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი. აი მან მოგვიყვანა აქამდე. ჩვენ რომ ადრე ეს ყველაფერი გამოგვეძიებინა ასეთ მძიმე შედეგს არ მივიღებდით.
იმედი მაქვს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა, ვინც დასასჯელია ყველა სამაგალითოდ დაისჯება. ვხედავთ, რომ ეროვნული ნაკრების კარგი გამოსვლით ხალხი მოტრიალდა ფეხბურთისკენ, მოვიდნენ ბიზნესმენები, მთავრობამ თქვა, რომ ეკონომიურად დაეხმარება ქართულ ფეხბურთს, ეხლა გამოდის რომ ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ.
გარიგებული მატჩები არა მარტო საქართველოს, მთელი მსოფლიო ფეხბურთის სენია. ამიტომ უნდა ვებრძოლოთ ამას, გამოვასწოროთ ეს სიტუაცია და ის ახალგაზრდა ბავშვები რომ იზრდებიან, მათ მაგალითი ამათგან კი არ უნდა აიღონ, არამედ იმ პატიოსანი ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისგან რომლებიც დარწმუნებული ვარ მრავლად არიან საქართველოში.“
ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დასჯილი ფეხბურთელები კარიერის გაგრძელებას ვერც უცხოეთში შეძლებენ, თუმცა მათ აქვთ საშუალება, ეს ვერდიქტი სასამართლოს მეშვეობით გაასაჩივრონ.
ჯერჯერობით, უცნობია რამდენად შორს წავა გამოძიება და გამოიკვეთება თუ არა სხვა ეჭვმიტანილებიც.
არაოფიციალური ინფორმაციით, ქართულ ფეხბურთში მომხდარ ახალ სკანდალში 100-ზე მეტი ფეხბურთელი და რამდენიმე მთავარი მწვრთნელიც შეიძლება იყოს გარეული.
დასჯილი ფეხბურთელების ნაწილი ვარაუდობს, რომ ე.წ შუამავალი, დავით გაბედავა შესაძლოა, კუდ-ის აგენტი იყოს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გაბედავას არ გაასამართლებენ და პატიმრობიდან, საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდება, გამოძიება კი “უფრო ზემოთ” აღარ წავა.
“ყველამ ყველაფერი იცის, რაც ხდება ქართულ ფეხბურთში. კი, ჩვენ შეგვეშალა, მაგრამ, რატო იმას არ გვეუბნებიან, ვისთან მიქონდა გაბედავას ე.წ “ცოცხალიდან” მოგებული ფული” – გვითხრა ერთმა ფეხბურთელმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.

ასევე დაგაინტერესებთ