ნივრის პირის ღრუს სავლები შეიძლება ახალი ოქროს სტანდარტი გახდეს – ახალი კვლევა

ნიორი ეფექტიანად მუშაობს პირის ღრუს საზიანო მიკრობების წინააღმდეგ. ახალი კვლევის თანახმად, ნივრის ექსტრაქტი შეიძლება ისეთივე ეფექტიანი იყოს, როგორც ქლორჰექსიდინი — პირის სავლები ინგრედიენტების ამჟამინდელი ოქროს სტანდარტი, თანაც, უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტებით.
არაბთა გაერთიანებული საამიროების შარჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მიმოიხილეს ხუთი წინა კვლევა, რომლებიც ეხებოდა ადამიანებში ნივრის ანტიბაქტერიულ შესაძლებლობებს ქლორჰექსიდინთან შედარებით.
საერთო ჯამში, მონაცემებმა აჩვენა, რომ ნივრის ექსტრაქტზე დაფუძნებული პირის სავლები მართლაც შეესატყვისებოდა ამჟამად არსებულ ქლორჰექსიდინზე დაფუძნებულ სავლებებს, როცა საქმე ეხებოდა პირის ღრუში მავნე ბაქტერიების განადგურებას, კერძოდ, Mutans Streptococci-ს (MS) — ბაქტერიას, რომელიც კბილის კარიესის ძირითადი გამომწვევი მიზეზია.
„ქლორჰექსიდინი ფართოდ გამოიყენება, როგორც კბილის სავლებების ოქროს სტანდარტი, მაგრამ ის დაკავშირებულია გვერდით ეფექტებთან და შიშებთან ანტიმიკრობული რეზისტენტულობის შესახებ. ნივრის ექსტრაქტი შეიძლება იქცეს ქლორჰექსიდინის ალტერნატივად, განსაკუთრებით კი მაღალ კონცენტრაციაზე“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
თუმცა, საქმე მთლად ასე კარგადაც არაა. კვლევებმა აჩვენა, რომ ნივრით პირის გამორეცხავას თან ახლავს მწვავე გვერდითი ეფექტები, მათ შორის ყველაზე აშკარაა ძლიერი გემო და ცუდი სუნი, პირის ღრუში სიცხარისა და წვის შეგრძნების გაძლიერება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ეფექტები უფრო მსუბუქია, ვიდრე ქლორჰექსიდინის ეფექტები, რომელთა შორის არის კბილების დალაქავება — გასათვალისწინებელია იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად დააფრთხობს ადამიანებს მისი გამოყენებისგან.
რაც შეეხება შიშებს ქლორჰექსიდინისა და ანტიმიკრობული რეზისტენტულობის შესახებ, ისინი წინა კვლევებიდან მოდის, რომელთა მიხედვითაც, რაც უფრო მეტად ექცევიან ბაქტერიები ამ ქიმიური ნივთიერების წინაშე, მით უკეთესად შეუძლიათ მისი და სხვა პრეპარატებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
„ქლორჰექსიდინის გახანგრძლივებულმა ან დაბალი დონის ზემოქმედებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ანტიმიკრობულ რეზისტენტულობას და ანტიბიოტიკების მიმართ ჯვარედინ რეზისტენტობას. ამ შეზღუდვებმა წარმოშვა მზარდი შეშფოთებები და წარმოაჩინა უფრო უსაფრთხო და ასეთივე ეფექტიანობის მქონე ალტერნატივების საჭიროება“, — წერენ მკვლევრები.
ვრცლად პირველ არხზე