პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალი წარუდგინა. მას 4 ოქტომბრის პროტესტთან მიმართებით „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას“ ედავებიან, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განცხადებას თავად უწყება ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, მათი მხრიდან ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გაკეთების და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის მტკიცებით, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ახალაიას ხელმძღვანელობით, აკეთეს საჯარო მოწოდებები, რომ მოეხდინათ „აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების“ მობილიზება 4 ოქტომბერს.
„თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები“, — წერს პროკურატურა.
ბაჩო ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით [ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განცხადებიდანვე ვიცით, რომ პროკურატურა სასამართლოში ახალაიას წინასწარ პატიმრობას მოითხოვს.
ახალაიას დაკავების ფაქტზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:
ბაჩო ახალაია კვლავ დააკავეს
ასევე გაეცანით, რა ხდება სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეებზე:
„აღიარონ დანაშაული და ვიმსჯელებთ პატიმრობის შეცვლაზე“ — 4 ოქტომბრის საქმე




