ადვოკატის განცხადებით, გამომძიებლებმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალიას საქმეზე გაუთქმელობაზე გააფრთხილეს.
გია გოროზიას თქმით, გაუთქმელობის ხელწერილზე გამომძიებლის მოთხოვნის მიუხედავად მან ხელი არ მოაწერა, ვინაიდან აღნიშნულით დაცვის უფლება შეეზღუდებოდა.
ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე მისთვის საქმის მასალები არ გადაუციათ, გაუთქმელობაზე წინასწარ გააფრთხილეს, რაც “გამაოგნებელია”.
„მტკიცებულებები არ გადმოუციათ. სიმართლე გითხრათ, გაურკვეველი იყო, გამომძიებელმა ჩამოგვართვა ხელწერილი საქმის მასალების გახმაურების აკრძალვაზე, რაც სიმართლე გითხრათ, გამაოგნებელი იყო, რადგან ჯერ მასალა არ იყო გადმოცემული და ხელწერილი დაგვაწერინა. სიმართლე გითხრათ, ხელი არ მოვაწერე, შენიშვნა შევიტანე, ვინაიდან მეზღუდება დაცვის უფლების განხორციელება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მხოლოდ ნაცნობობისა და მეგობრობისთვის წარედგინა ბაჩო ახალიას ბრალი დღეს”, – დასძინა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავეს. ბაჩო ახალაიას ბრალდება პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე წარუდგინა. კერძოდ, ბაჩო ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ბაჩანა ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით და ორგანიზებით, “ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით”, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს”. 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა “ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია”.




