ბაჩო ახალაიას ბრალი წაუყენეს

ყოფილ თავდაცვის მინისტრ, ბაჩო ახალაიას ბრალი წაუყენეს. მისმა ადვოკატმა, გია გოროზიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ არ დაასახელა მუხლი, რომლითაც ბრალი წაუყენეს ყოფილ მაღალჩინოსანს.
„ბაჩოს პოზიციაა, რომ ბრალი არის უსაფუძვლო და აბსურდული. პირდაპირ რომ გითხრათ, ცინიზმი. მას ბრალი წარედგინა იმისთვის, რომ ბატონ მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან აკავშირებს მეგობრობა… არ ენდობა გამოძიებას და ამ მოტივით მან ჩვენება არ მისცა გამოძიებას“, – თქვა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა.
მისივე განმარტებით, საგამოძიებო უწყება მოითხოვდა, მას ხელი მოეწერა გაუთქმელობისთვის, რაც ნიშნავს, რომ მას საქმის დეტალებზე საუბარი აეკრძალებოდა. გია გოროზიამ თქვა, რომ შეიტანა შენიშვნა.
ბრალის წაყენების შემდეგ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. თბილისის სასამართლოს მიმართვიდან 24 საათი აქვს აღკვეთის ღონისძიებაზე გადაწყვეტილების მისაღებად.