რადიო „კომერსანტის“ ეთერში ბიზნეს სამართლის სპეციალისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და მაღალჩინოსნების დაპატიმრებების საკითხებზე ისაუბრა.
აკაკი ჩარგეიშვილი მიიჩნევს, რომ კორუფცია, ქრთამები, მთელი ეს უარყოფითი პროცესები პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკასა და მდგრადობას აყენებს მნიშვნელოვან დარტყმას.
„სუსი – ეს არის უწყება, რომელიც არის საგამოძიებო ფუნქციებით, დაზვერვითი, კონტრდაზვერვითი, იმდენი რამით არის აღჭურვილი და ამ უწყებაში, თუკი ხელმძღვანელი რამეს აკეთებდა, მის გარდა სხვა ადამიანები არ არიან ამ უწყებაში, არ იცოდნენ? თან სუსი არ არის განყენებული უწყება, მას ზედამხედველი ჰყავს საქართველოს პროკურატურაში და არის სპეციალური დეპარტამენტის მოქმედების ქვეშ, ასევე, არის საქართველოს პარლამენტი, რომელთანაც არსებობს ანგარიშვალდებულება სპეციალურ ჯგუფთან მიმართებაში. როგორ შეიძლება, ერთ ადამიანზე იყოს საუბარი? ჩემი შეფასებით, ეს არის რაღაცნაირი გარჩევები. თავის გამოჩენაა, თუ კონკრეტული ბიზნესის წართმევა, არ ვიცი, რა უდგას წინ, ალბათ, მოგვიანებით გავიგებთ“, – აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.
მისივე თქმით, მსგავსი პროცესები ქვეყნის ავტორიტეტს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რადგან ამ ყველაფერს ყველა კარგად ხედავს და აღიქვამს.
„ვიცით, რომ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის დაწყებით თითქმის პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში, ოღონდ კომპანია გახსენი, ერთ დღეში აკეთებ ყველაფერს. და რას დაინახავს ინვესტორი ამის უკან – თურმე, მარტივად იმიტომ იწყებ, რომ ხაფანგში შეგიტყუონ, გაგაფუჭებინონ რაღაც. გამოდის, რომ ჩვენ ქვეყანა კი არა, ხაფანგი ვართ. ანუ რას ვაკეთებთ – ვართ ძალიან კარგი ხაფანგი ნებისმიერი უცხოელი ინვესტორის დასაჭერად – ოღონდ მოდი, ოღონდ შემოდი და რომ შემოვლენ, მერე ხდება ყველაფერი. „იგლ ჰილსზე“ და 6 მილიარდზე რომ არის საუბარი, დიდი ვნებათაღელვაა ამ ყველაფერზე, გამოდის, რომ ხაფანგშია გაბმული. შემოვიდნენ, რაღაც დაბანდება გააკეთეს, ახლა აქედან ვერ გავლენ, გამოუჩნდება მფარველი და აღმოჩნდება, რომ ამ მფარველს დაიჭერენ და ინვესტორი დაიღუპება. ძალიან მწყდება გული, ჩვენს ქვეყანაზე ამას რომ ვამბობ, მაგრამ ხაფანგი ვართ ინვესტიციებისთვის, ინვესტორებისთვის, ბიზნესმენებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის, სადაც შეგიძლია, მარტივად შემოხვიდე, მაგრამ გასვლა – ნურას უკაცრავად“, – აღნიშნავს აკაკი ჩარგეიშვილი.




