სუს-ისგან ბოდვა მოვისმინეთ, ბაჩოს ტელეფონი დადგენილიც არ აქვთ — ანი ნადარეიშვილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას დაკავების დეტალებს ჰყვება. მისი თქმით, სახლში დაახლოებით 30 ნიღბიანი და ავტომატიანი სამართალდამცველი შეცვივდა.
„დაახლოებით, ოთხი საათი იქნებოდა, დარეკეს ჩემს ნომერზე. ის გამომძიებელი ქალბატონი იყო, ვინც მანამდე დამიბარა სუს-იდან. მითხრა, რომ დამატებით ჰქონდა კითხვები და მოწმის სახით მიბარებდა. ასევე, იბარებდა ბაჩოსაც და იბარებდა ზვიად გაგუასაც — ოჯახის ახლობელს, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს“, — განუცხადა ანი ნადარეიშვილმა „ტვ პირველს“.
ნადარეიშვილმა გამომძიებელს უპასუხა, რომ გამოკითხვაზე მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდნენ.
„კი ბატონო, დავაფიქსირებ ამას ოქმით და დაგიკავშირდებითო. ნახევარ საათში ზუსტად, დაახლოებით 30 ავტომატიანი, ნიღბიანი… სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შემოცვივდნენ. იდგნენ შემოსატეხი რაღაცებითაც და ავტომატებით. ტელეფონი გავხსენი, რომ „ლაივი“ ჩამერთო, იმიტომ რომ, საოცარი სანახაობა იყო — ეს ავტომატიანი ხალხი რა საჭირო იყო არ ვიცი. ეგრევე მომიშვირეს ავტომატები, დააგდე ტელეფონიო. შენი ტელეფონი მტკიცებულებაა, ამოღებულიაო და არა გაქვს უფლებაო… მომადგა ის ქალბატონი გამომძიებელი და მითხრა რომ: „თქვენც დაპატიმრებული ხართო და აქეთ გადმობრძანდითო, ამ ოთახშიო“ და დაიწყეს ჩემი ოქმის შევსებაც. მე ხომ გამიყვანეს, მერე გაიყვანეს ბაჩო. მერე წაუყვანიათ ზვიად გაგუა. სუს-ში დაკითხვაზე წაიყვანეს და იქ უთხრეს: მიეციო ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება. დაადასტურეო, რომ ჰქონდა კონტაქტი, იყო ორგანიზატორიო და ანის გამოვუშვებთო, თუ არადა ორივე დაჭერილიაო და ხედავთო და ბავშვებიო ესეო დარჩებიან დედ-მამის გარეშეო. მერე გამოუშვეს, მოიყვანეს სახლში — აქ ჩხრეკა მიმდინარეობდა — და რამდენიმე ათეულ წუთში, ისევ წაიყვანეს და იგივე უთხრეს: „რამე ხომ არ მოიფიქრეო, დასამატებელი ხომ არ გაქვს რამეო“, — ჰყვება ანი ნადარეიშვილი.
ანი ნადარეიშვილის, დაახლოებით სამი კვირის წინ, ბაჩო ახალაია აპირებდა დაბრუნებას პოლონეთში — სადაც ის, ოჯახთან ერთად, ემიგრაციაში იმყოფებოდა, თუმცა საზღვრიდან გამოაბრუნეს.
„ბაჩო აპირებდა უკან დაბრუნებას რამდენიმე კვირის წინ ისევ პოლონეთში, —ჩვენ იქ ემიგრაციაში ვიყავით წასული ლუკმა-პურის საშოვნელად ვიყავით. ბანკში გვაქვს ყველაფერი და ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს და აქ მოგეხსენებათ, ჩვენ არავინ გვამუშავებს და სამსახურს ვერ ვით. და საზღვარზე არ გაუშვეს. გამოაბრუნეს საზღვრიდან“, — განუცხადა ნადარეიშვილმა „ტვ პირველს“.
აქედან გამომდინარე, ნადარეიშვილის თქმით, ბაჩო ახალაია ელოდა დაკავებას.
„ძალიან კარგად იცოდნენ ყველა გადაადგილება ჩვენიც და ჩვენთანაც ვინ მოდიოდა. დიდი ხანია უკვე, ასე ლუპის ქვეშ ვართ და სრული აბსურდი… ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, ეს იყო სრული ბოდვა“, — განაცხადა ნადარეიშვილმა.
ის არ უარყოფს ახალაიას კომუნიკაციას აქციის ორგანიზატორებთან, თუმცა ამბობს, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აბსურდულია. ანი ნადარეიშვილის თქმით, გამოძიებას ბაჩო ახალაიას ტელეფონიც არ აქვს დადგენილი.
„კომუნიკაცია ჩვენ ყველასთან გვაქვს… ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, რომ ადამიანებს არ ვიცნობთ. ზოგიერთი ჩვენი ნათესავიც არის და ოჯახის ახლობელიც და მეგობარი და ასე შემდეგ. [ის რომ 29-ჯერ ს და ა.შ.] სრული ბოდვა არის. ბაჩო რომ დაიბარეს ხმის ჩანაწერის ნიმუშზე, მე დამირეკეს. მე რატომ მირეკავთ, თუ ბაჩოს იბარებთ-მეთქი და ბაჩოს ტელეფონიო არ ვიცითო. საერთოდ სახლში ვინ ვცხოვრობდით, ისიც არა აქვთ დადგენილი, კესო [შვილი] ჩემი შვილიშვილი ეგონათ გუშინ. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზეა ლაპარაკი. ბაჩოს ტელეფონი დადგენილი არა აქვთ. გუშინაც მე დამირეკეს, რომ დაგვიბარეს და ბაჩო დაიბარეს ისევ ჩემი ტელეფონის მეშვეობით“, — განაცხადა ნადარეიშვილმა.
ნადარეიშვილის თქმით, ის გუშინ არ დაუკითხავთ.
არ ვიცი, აი პურს ხომ აიაფებენ ახლა და ის სანახაობა და პური იქნება უფასო, ეგ არის. რაღაცების გადაფარვას ცდილობენ, რაღაცა ხალხის ყურადღების რაღაც გადატანას რაღაცებზე, იმ სკანდალში, რაშიც არიან. იქიდან გამომდინარე ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ ოღონდ გადაფარონ რაღაცა.
იმ ვერსიის საპასუხოდ, რომ შესაძლოა, გამოძიებამ ბაჩო ახალაიას გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირება სცადოს, ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ ისინი ლილუაშვილს არ იცნობენ.
„ხალხო, ესენი არიან რუსები! ისინი არიან ჩვენი მტრები! ჩვენ კოლაბორაციონისტები არა ვართ. არ ვლაპარაკობთ მტრებთან“, — თქვა ანი ნადარეიშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელმაც „ქართული ოცნების” პირობებში 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, საგამოძიებო უწყება მას 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.
სუს-ის თანახმად, ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის პროცესების ორგანიზატორებად მიიჩნევს: ს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ნადირაძესა და პაატა ბურჭულაძეს. სუს-ში აცხადებენ, რომ ეს კონტაქტი ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა იმ მომენტებში, როდესაც მომიტინგეებს სცენიდან გააცნეს პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებული გეგმა, ასევე, სასახლესთან მიმდინარე პროცესების დროსაც.
რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამ კავშირების შინაარსის შესახებ დღეს არაფერი უთქვამს.
სუს-მა ასევე დააკავა ახალიას ცოლი ანი ნადარეიშვილიც, თუმცა გაათავისუფლეს და მის მიმართ სამართლებრივ დევნას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ აპირებენ.