„ალბათ, უკვე მოკვლეულია, არის რაღაც გამოვლინება და ამიტომ მიმართა პრემიერმა საგამოძიებო ორგანოს, დაჩქარების მიზნით“, – ამის შესახებ ბიზნეს სამართლის სპეციალისტმა, აკაკი ჩარგეიშვილმა „ბიზნესპრესნისთან“ განაცხადა.
საუბარია, პრემიერ მინისტრის ვიდეო მიმართვაზე, რომელიც ქვეყანაში მაღალ ფასებს, ასევე რითეილსა და დისტრიბუტორებს შორის შესაძლო კარტელურ გარიგებას შეეხება.
ირაკლი კობახიძის თქმით, სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია, რასაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს. პრემიერის განცხადებით, საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასნამატი საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. მან საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა. მოგვიანებით კი, სუს-ში გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უწყება სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, „მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას“.
ბიზნეს სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ პრემიერს ადრესატი, ამ შემთხვევაში, საგამოძიებო უწყება სავარაუდოდ, არ შეშლია. მისი თქმით, დიდი ალბათობით, მოკვლევა უკვე ჩატარებულია, გარკვეული ინფორმაციები არსებობს და ირაკლი კობახიძის განცხადების მიზანი მხოლოდ შესაძლო დანაშაულისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება იყო.
„როგორც ვიცით, ირაკლი კობახიძე განათლებული ადამიანია იურიდიული თვალსაზრისით. მისი იურიდიული კომპეტენციიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, სხვა აქცენტია გაკეთებული, რადგან თუ რეალურად აქვს კარტელურ გარიგებას ადგილი, სხვა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ, მაგალითად, კონკურენციის სააგენტომ, არის ასევე საგადასახადო სამსახური, რომელსაც შეუძლია საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ყველაფრის გადამოწმება. შესაბამისად, ამ ორი ორგანოს მოკვლევის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება ხოლმე, გარკვეული დასკვნების გაკეთება. ჩემი აზრით, ალბათ, უკვე მოკვლეულია, არის რაღაც გამოვლინება და ამიტომ მიმართა პრემიერმა საგამოძიებო ორგანოს, სავარაუდოდ, დაჩქარების მიზნით. სხვა შემთხვევაში, არა მგონია, რომ შეშლოდა პირდაპირ საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართა. ალბათ, მოკვლევა ჩატარებულია, გარკვეული ინფორმაციები არსებობს და ამის [განცხადების] მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ ეს ამბავი მოხვდეს იმ უწყებაში, რომელმაც შესაძლო კრიმინალზე უნდა იმსჯელოს“,- ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.
მისი თქმით, მეორე საკითხია მსგავსი განცხადების მართებულობა. როგორც აკაკი ჩარგეიშვილი განმარტავს, უმჯობესი იყო საზოგადოებას ამის შესახებ გამოძიების დასრულების შემდეგ გაეგო, რადგან სხვა შემთხვევაში ვიღებთ რეალობას, სადაც პრემიერი უბრალოდ მითითებას აძლევს შესაბამის უწყებებს, ბიზნესი კი მორალურ ზეწოლას განიცდის.
„რა თქმა უნდა, არასწორია ასეთი განცხადება. სამწუხაროდ, როგორც მოქმედებს ეს ბიზნეს გარემოზე და ზოგადად საზოგადოებაზე, უკვე ვნახეთ. იმხელა აჟიოტაჟი და კითხვები გამოიწვია… ფორმა, რა თქმა უნდა, არასწორია, ძალიან დიდი სტრესშია პირობითად ქსელიც, მომხმარებელიც ახლა მეტი პრეტენზიით იქნება და პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს ბიზნესისა და მომხმარებლის ურთიერთობაში.
ალბათ, უკეთესი იქნებოდა, საგამოძიებოს უკვე მოკვლეული ჰქონოდა და შემდეგ კონკრეტულ კრიმინალზე ესაუბრათ, რომ გამოვლენილი და აღკვეთილია. ახლა, შედეგად მივიღეთ ის, რომ არც გამოვლენილია, არც აღკვეთილი და უბრალოდ მითითებას აძლევს შესაბამის უწყებებს. ეს დავალება განსხვავებულად მოქმედებს ბიზნესზე, მომხმარებელზე, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებზე. ეს უფრო მორალურ ზეწოლას ახდენს ბიზნესზე“,- ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი




