მცირე ზომის მარნებისთვის ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურება კვლავ უფასო გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, შესაბამისი ცვლილება პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში. ამასთან, მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების ვალდებულება შენარჩუნდება და მათ პროდუქციისთვის შესაბამისი პროცედურების გავლა და საჭირო დოკუმენტაციის მიღება კვლავ მოუწევთ.სერტიფიცირების მომსახურება ფასიანი 1 სექტემბრიდან გახდა. ცვლილება „ვაზისა და ღვინის კანონში“ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, რომლის შედეგადაც სერტიფიცირების საფასური ღვინის მწარმოებლებისთვის, მათი ზომის მიუხედავად, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე პროდუქციის რეალიზაციისთვის დაწესდა.ახალმა რეგულაციამ მცირე მარნების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მეღვინეები დამატებით ხარჯებზე მიუთითებდნენ და აცხადებდნენ, რომ ახალი მოთხოვნები მცირე წარმოებების განვითარებას გაართულებდა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, მცირე მარნებისთვის საფასურის გაუქმების გადაწყვეტილება სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.მისი თქმით, სერტიფიცირება კვლავ სავალდებულო მოთხოვნად დარჩება, რადგან მისი მიზანი პროდუქციის ხარისხისა და მომხმარებლისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.სამინისტროს განმარტებით, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის სერტიფიცირება სავალდებულოა. შესაბამისად, მცირე მარნები მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან, თუმცა სერტიფიცირების პროცედურის გავლა კვლავ მოუწევთ.



