საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს წინა დღეს ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად „დაბრუნდა,“ ჩვენ არ გვისაუბრია და ამიტომ, გვინდა ამ თემაზე მსჯელობით დავიწყოთ საუბარი.
ამ თემაზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი აზრი გამოითქვა. ზოგი თვლის, რომ ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში „დაბრუნება“ იმას უკავშირდება, რომ მას სურს მსოფლიოში არსებულ დიდ ტურბულენციებში ქვეყანას საფრთხეები და აარიდოს და დააზღვიოს.
მეორენი თვლიან, რომ იგი პოლიტიკაში საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „დაბრუნდა“. მესამენი, „დაბრუნების“ მიზეზად ასახელებენ მძიმე გადაწყვეტილებების მისაღების ალბათობას.
როგორც ვხედავთ, ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა მართლაც დიდია. თქვენ როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში „დაბრუნებას“?
– ყველა ის შეფასება, რომელიც თქვენ კითხვაში ჩამოაყალიბეთ თავის თავად მართალია, მაგრამ, ისინი ურთიერთგამომრიცხავი არ არიან. შეიძლება, ყველა ეს მოსაზრებები ივანიშვილის გადაწყვეტილების მთავარ მოტივაციებადაც კი მოვიაზროთ. იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, პირადულიც არის, საქვეყნოც და ასე შემდეგ. ჩემს პასუხში შევეცდები გიპასუხოთ, რომელი შეიძლება იყოს მთავარი და რომელი მეორეხარისხოვანი.
ვფიქრობ, და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში „დაბრუნების“ საკითხს დამოუკიდებლად არ და ვერც გადადგამდა. არსებობს მთელი რიგი მარკერები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ საგარეო კონტურთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციები იქნებოდა საჭირო. მხედველობაში მაქვს მსოფლიოს ის ცენტრები, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.
თუ დავაკვირდებით დასავლეთის მედიისა და პოლიტიკური წრეების რეაქციას ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად გამოჩენაზე, მათ მომხდარზე ნეგატიური რეაქცია აბსოლუტურად არ ჰქონიათ. ასევე არ იყო უარყოფითი რეაქცია აღმოსავლეთ ევროპელი პოლიტიკოსებისგან, ევროპარლამენტარებისგან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიღაცამ იღვაწა იმისთვის, რომ მომხდარზე ნეგატიური რეაქცია არ ყოფილიყო.
ე.ი. ივანიშვილის ნაბიჯი სინქრონიზებული იყო გადაწყვეტილების მიმღებ ისეთ ძალებთან და ცენტრებთან, რომლებსაც ხელეწიფებოდათ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ასეთი რამ კი შესაძლებელია აშშ-ს პოლიტიკური წრეების მაღალი წრეების მიერ. უნდა ვივარაუდოთ, რომ სულ მინიმუმ, კომუნიკაცია იყო აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანთან სალივანთან. პოსტსაბჭოთა სივრცეს თეთრი სახლის ადმინისტრაციაში სალივანი კურირებს.
უდავოთ, რთული გადაწყვეტილებებია მისაღები. ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების საკითხიც ასევე მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოცემულობით გადაიჭრა ივანიშვილისთვის გარანტიების მიცემის ფორმაც.
სიტუაცია ერთგვარად ჰგავს 2012 წლის ვითარებას, როდესაც ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა რუსულ-ამერიკული პოლიტიკური გარიგების ერთგვარი შედეგი იყო. მაშინ ივანიშვილს დაევალა სააკაშვილის ხელისუფლებიდან რბილად გასტუმრება. შემდეგ ეს პროცესი ჩვენთვის მიუღებელ კოჰაბიტაციაში გადაიზარდა, მაგრამ, ეს ცალკე თემაა.
ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება შეთანხმებულია და შეიძლება ითქვას ნებადართული და ვიზირებულია მსოფლიოს გავლენიანი ცენტრების მიერ, რომლებიც მსოფლიოში გადაწყვეტილებებს იღებენ.
ამიტომ, პირველ რიგში საინტერესო იქნება ვისაუბროთ იმაზე, რა პოლიტიკური პროგრამით მობრუნდა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში?
– თუ ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება ვაშინგტონთან იყო შეთანხმებული, რა შეიძლება ყოფილიყო შეთანხმების საგანი?
კითხვა ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვახსოვს ივანიშვილის მიმართ პრეტენზიები მისივე გამონათქვამთან დაკავშირებით – რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?
საქართველოს ნატოსთან აქტიურად თანამშრომლობს, მაგრამ იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ, ეს ურთიერთობა შესაძლოა, უფრო ღრმა ყოფილიყო…
– ამ და სხვა გამონათქვამებს, ძალიან არ უნდა გამოვეკიდოთ, რადგან, ხშირ შემთხვევაში ეს განცხადებები კომუფლიაჟისთვის კეთდება. როცა ასეთი რამ ითქმება, ხშირ შემთხვევაში მისი საწინააღმდეგო რაღაცები უნდა ვივარაუდოთ. ასეთ დეკლარირებულ განცხადებებს არა მხოლოდ ივანიშვილი იყენებს ხოლმე.
რაც შეეხება დღის წესრიგს, ანუ იმას, რა შეიძლება აინტერესებდეს ვაშინგტონს?
ვაშინგტონს აინტერესებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა. არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოს საგარეო კონტურზე საქართველოში სტაბილურობა არის უმთავრესი საკითხი.
საქართველოში სტაბილურობის გარეშე სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია შუა აზიის სტაბილურობა. შუა აზიაში სტაბილურობა განაპირობებს ამ ქვეყნების ტვირთების საქართველოს გავლით ევროპის ბაზარზე მოხვედრას. უნდა ვივარაუდოთ. რომ საქართველოს სტაბილურობა არის ფუნდამენტი ამ ორ რეგიონს შორის სტაბილურობის.
ვფიქრობ, თქვენს კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი.