ალექსანდრე რაქვიაშვილი: სადღაც გადაწყდა ხალხი მაღალ ფასებთან ბრძოლით გაართონ. წინაზე ღარიბაშვილმა წამლების ფასები ხომ „დაწია“ და ესენი რით არიან უარესები? მოდით, ჩვენ ზეთის ფასი დავწიოთო

ალექსანდრე რაქვიაშვილი:
უსაზღვრო არაკომპეტენტურობის გარდა, პრემიერ-მინისტრის ვიდეო უცნაური ტერმინოლოგიით გამოირჩევა. კარგი, შეიძლება კაცს აპატიო „მაღაზიის“ ნაცვლად „მარკეტის“ გამოყენება. დიფ-სთეითთან მრავალწლიანი ომის დროს ცოტა ინგლისური სიტყვები კი შეგეპარება ლაპარაკში. არც „ფასნამატი“ (ეს მოსოციალისტა ექპსერტების ყველაზე სულელური და ამავდროულად საყვარელი ტერმინი) არის მოულოდნელი. მაგრამ აი, „წმინდა მოგების მარჟა“ ეს რა უბედურებაა? ნორმალური ადამიანი ასეთ ფრაზას არასდროს გამოიყენებს და ჟღერს კიდეც იდიოტურად. პირდაპირ ჩანს, რომ რომელიღაც ცალკეული პროფესიული ჯგუფის სლენგია. როგორც მეგობარმა მითხრა, თურმე ამ გაუგებრობას დისტრიბუტორები იყენებენ.
ჰოდა, მგონი ასე იყო საქმე:
1. სადღაც გადაწყდა ხალხი მაღალ ფასებთან ბრძოლით გაართონ. წინაზე ღარიბაშვილმა წამლების ფასები ხომ „დაწია“ და ესენი რით არიან უარესები? მოდით, ჩვენ ზეთის ფასი დავწიოთო, გაუჩნდა ვინმეს გენიალური აზრი.
2. მთავრობაში ახლა ეკონომიკის მცოდნე არავინაა, ამიტომ დავალება ქვემოთ დაეშვა. იქ კი გამბედავი არ იქნებოდა ვინმე, რომ ეთქვა, რა სისულელეებს მავალებთო, ამიტომ ვინც რა იცოდა, ის მოიგონა – კონკურენციის სააგენტომ – კარტელები, აწარმოე საქართველომ – იმპორტის ჩანაცვლება, ეკონომიკის მინისტრის ვიღაც მოადგილემ კი დისტრიბუტორებისგან ნასწავლი „წმინდა მოგების მარჟაო“. იქ იურისტებმა ზემოდან პროკურატურა მიაწერეს და რა იცი, რაში გამოგვადგება და პარლამენტიც ჩავრთოთო, დააყოლებდა ვინმე.
ასე შეადგინეს გეგმა, დაუწერეს პრემიერს ტექსტი და როცა პრემიერმა ეს წარმოუდგენელი მარაზმი წაიკითხა, არავინ ეტყოდა, „ირაკლი, შენ ხომ არ გადაირიე, რეებს ლაპარაკობო!?“ პირიქით, შეაქეს პრემიერი. “როგორც იქნა გამოსავლი ნაპოვნია, გეგმა წარგენილია და ახლა მხოლოდ წინ, ამხანაგებო, წინ გაბრწყინებული საქართველოსკენო” გაუელვა თავში პროპაგანდაზე პასუხისმგებელ რომელიღაც პირს.
ეს კარგი, მაგრამ, აი სუს-ი რა შუაშია, იკითხავთ თქვენ? მან რატომ დაიწყო მოკვლევა? კი, არაფერ შუაშია, თუმცა მეგობრობა – მეგობრობაა და თუ პრემიერი ამ რთულ გზას დაადგა, სუს-ის უფროსი მას მარტო ვერ დატოვებდა.
ასე რომ, გეშინოდეთ ფასებო, თქვენი დრო ამოიწურა!

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან