სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ “არავის მისცემს უფლებას, რესპუბლიკაში არსებული ვითარება ამ რთულ პერიოდში არასტაბილური გახადოს”. ამის შესახებ მან ცხინვალში “ჯაშუშობაში” ბრალდებული ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
დაკავებამდე თამარ მერაყიშვილი აცხადებდა, რომ უშუალო შეხვედრას ითხოვდა გაგლოევთან მისი დოკუმენტების საკითხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთკაციან აქციას აანონსებდა ცხინვალში.
გაგლოევის თქმით, არავის მისცემს უფლებას, გაუფუჭოს ბავშვებს დღესასწაული ცენტრალურ მოედანზე, სადაც მთავარი საახალწლო ნაძვის ხეა დადგმული, – “პროვოკატორები კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს”.
„თუ ვინმეს სურს, ბავშვებს ახალი წელი გაუფუჭოს, წავიდეს და პროტესტი თბილისის ცენტრში გამოხატოს“.
გაგლოევი, რომელმაც თავისი განცხადებით ფაქტობრივად აღიარა, რომ თამარ მეარაყიშვილი მისი დაანონსებული აქციის გამო დააკავეს, ამბობს, რომ ჩხრეკის დროს მეარაყიშვილს აღმოუჩინეს მისთვის დამამძიმებელი ფაქტები.
“არსებობს ფაქტები და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მის კავშირს წაყენებულ ბრალდებასთან“.
გაგლოევი ამბობს, რომ მეარაყიშვილი არაერთხელ იდევნებოდა სისხლისსამართლებრივ საქმეებზე, თუმცა ყოველ ჯერზე სასამართლოში იმარჯვებდა.
„ის ხელისუფლების მიმართ მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა, იყენებდა შეურაცხმყოფელ ტერმინებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. თუმცა მასზე ზეწოლის მოხდენის ამოცანა არც ყოფილა და არც არის. ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა“.
როგორც ოსური სააგენტო რესი წერს, “პრეზიდენტმა ჟურნალისტებს აჩვენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული მოქალაქისთვის ევროპულ ვალუტაში ფულადი ანაზღაურების გადახდას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნაყოფიერი საქმიანობისთვის”.
მისივე თქმით, მეარაყიშვილი “ლენინგორის რაიონში [ახალგორი – რედ.] ბავშვთა შემოქმედების სახლის დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას მონაწილეობდა საერთაშორისო ღონისძიებებში და საქართველოს წარმოადგენდა”.
„ეს, ჩემი აზრით, 2010-2011 წლებში ხდებოდა. იმ პერიოდში საქართველოში მოქმედებდა პროგრამა „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებდნენ ექსკლუზიურად საქართველოს მეშვეობით. ის ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე საზღვარგარეთ საქართველოს წარმოადგენდა“.
გაგლოევის თქმით, რადგან იგი საქართველოს მოქალაქეა, მას შესთავაზეს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ, თუმცა ამაზე უარი განაცხადა.
ჩხრეკის შედეგად მეარაყიშვილის ბინიდან პირადი ნივთები წაიღეს, მათ შორის, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს კონკურსში გამარჯვებისთვის 2018 წელს გადაცემული ჯილდო “ადამიანის უფლებათა ტიტა”.
თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც ცხინვალი “ჯაშუშობას” ედავება, ადგილობრივმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დახურული სასამართლო სხდომა ცხინვალში 24 დეკემბერს გაიმართა. სხდომას ვერ დაესწრნენ თამარ მეარაყიშვილის მშობლები და ახლობლები.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების უწყებამ [КГБ] 23 ნოემბერს, წინა ღამით დაკავებული თამარ მეარაყიშვილის მიმართ ბრალდება დააზუსტა – “დაკავებული ეჭვმიტანილია იმაში, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან აფელირებულ უცხოურ მედიასაშუალებებს ინფორმაციას გადასცემდა”.
КГБ-ს განცხადებით, ჯაშუშობაში ბრალდებულ თამარ მეარაყიშვილს „მედიასაშუალებები იყენებდნენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების გასატარებლად“.
“ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმის ფარგლებში ტარდება აუცილებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ეჭვმიტანილის შესაძლო თანამზრახველები და კავშირები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – წერს სააგენტო “რეს” КГБ-ზე დაყრდნობით.
თუმცა, უწყების წინა განცხადების მიხედვით, “გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ახორციელებდა ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“.
მეარაყიშვილი წარსულშიც იყო დაკავებული. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა გასვლა ოკუპირებული ტერიტორიიდან.
პირველად მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციამ საცხოვრებელ სახლთან ყოველგვარი ახსნა-განმარტების და შესაბამისი ორდერის გარეშე დააკავა. მოგვიანებით მას ბრალი წარედგინა პარტია „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამების, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის. ბრალდებები მას 2023 წელს მოუხსნეს მტკიცებულებების არარსებობის გამო.
ცხინვალში დევნის გამო მას არაერთხელ უთხოვია პირისპირ შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დახმარება, თუმცა, ყველა ჯერზე მას უარს ეუბნებოდნენ.
“4 წელია ვიდევნები სამოქალაქო აქტივიზმის გამო ბიბილოვის სურვილით- 3 ს/ს საქმეზე ვარ ბრალდებული ფორმალურად. 4 წელია არ შემიძლია ვისარგებლო თავისუფალი გადაადგილებით. მთელი ეს წლები რამდენიმე ათეული სასამართლო სხდომაზე მომიწია დასწრება და პროკურატურაში დაკითხვებზე.
საქართველოს ხელისუფლება ერიდება ჩემი პრობლემის წამოწევას. თუ ჩემზე საუბრობს, არის ფორმალური ხასიათის და თავადაც კარგად იციან, რომ მე ეს ვერ დამეხმარება მდგომარეობის შემსუბუქებაში”, – აცხადებდა მეარაყიშვილი 2021 წელს.
თამარ მეარაყიშვილი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა. 2018 წელს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ ადამიანის უფლებათა ტიტა გადასცა. იმავე წელს მეარაყიშვილი „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის “ჩარევა სასურველიას” გამარჯვებულად დაასახელა.




