ადვოკატის განცხადებით, ყაზახეთის მოქალაქე ცალსახად გამორიცხავს იარაღის ქონასა და გურამ ელიზბარაშვილის დაჭრას

ყაზახეთის მოქალაქე იარაღის ქონასა და გურამ ელიზბარაშვილის დაჭრას უარყოფს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყაზახეთის მოქალაქის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, პირი, ვის ინტერესებსაც ის იცავს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 გასროლითაა დაჭრილი და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„მას არანაირი ცეცხლსასროლი, ან რაიმე სხვა სახის იარაღი არ ჰქონია. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, თითქოს, მასაც ჰქონდა იარაღი და გაისროლა, სიმართლეს არ შეესაბამება. მას დაზარალებულის სტატუსი სამართლებრივად მინიჭებული არ აქვს, ის არის მსხვერპლი და გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს, დარწმუნებული ვართ, სიმართლე დადგინდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჭრილობა აქვს მიყენებული, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის ჩვენების მიცემას შეძლებს, ამას განახორციელებს. მას ჯერ ჩვენება მიცემული არ აქვს, თუმცა, ამბობს, რომ ეს ჭრილობა თავდამსხმელმა მიაყენა, არტერია აქვს დაზიანებული, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
კონფლიქტსაც ვერ დავარქმევ, ყოფით ნიადაგზე იყო საუბარი, ძაღლი უნდა სეირნობდეს თუ არა, ბავშვებისთვის სასეირნოდ განკუთვნილ ტერიტორიაზე. ამას თავდამსხმელის მხრიდან აგრესია მოჰყვა“, – აცხადებს წერეთელი.
კითხვაზე, თუ საიდან მიიღო ბრალდებულმა ჭრილობა, ადვოკატი ასე პასუხობს: „ეს უკვე გამოძიების დასადგენია, როგორც ჩემთვის ცნობილია, ვიდეომასალა გამოძიების ხელთაა და იქ ძალიან მარტივად გამოჩნდება ყველაფერი“.
„პირი, რომლის ინტერესებსაც წარმოვადგენ, არანაირი კრიმინალური მიდრეკილებების ან კრიმინალური წარსულის მქონე არ არის, ის საქართველოში ერთ-ერთი უცხოური კომპანიის მენეჯერია. აღნიშნული პირი ცალსახად გამორიცხავს იარაღის ქონასა და ვინმეს დაჭრას, ყველაფერი გამოძიებით დადგინდება“, – განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, თბილისში, მომხდარ დაპირისპირებაზე, რაც ყაზახეთის მოქალაქესა და გურამ ელიზბარაშვილს შორის ძაღლის გასეირნებას მოჰყვა, სამართალდამცავებმა გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ