აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი სანტა კლაუსის მოლოდინში მყოფ ბავშვებს, საპრეზიდენტო ტრადიციის თანახმად, ტელეფონით ესაუბრნენ.
მათ ბავშვებს ჰკითხეს, რას ელოდნენ სანტასგან და ჰქონდათ თუ არა რაიმე შეკითხვები მასთან.
„სანტა ძალიან კარგი ადამიანია. გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ცუდ სანტას არ შემოვუშვებთ. სანტა კარგია. სანტას უყვარხარ. სანტას უყვარს ოკლაჰომა, ისევე როგორც მე. იცით, ოკლაჰომა ძალიან კარგი იყო ჩემს მიმართ არჩევნებში. ამიტომ მიყვარს ოკლაჰომა. არასდროს დატოვო ოკლაჰომა, კარგი?“ – უთხრა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ბავშვს ოკლაჰომას შტატიდან.
პრეზიდენტმა შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეუძლია ბავშვების ზარებს მთელი დღის განმავლობაში უპასუხოს, მაგრამ რუსეთთან, ჩინეთთან, უკრაინასთან და სხვა თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს უნდა დაუბრუნდეს.
„შეგვიძლია, ეს მთელი დღე გავაგრძელოთ, მაგრამ უნდა დავუბრუნდეთ ჩინეთს, რუსეთს, უკრაინას. სხვა საქმეებსაც უნდა დავუბრუნდეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.




