„პრემიერის ინიციატივა დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებას და ფასების სტაბილურობას ხელს შეუწყობს“ – ნათია თურნავა

“პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა და ასეთი ტიპის მონიტორინგი ცალსახად ხელს შეუწყობს ქვეყანაში დაბალინფლაციური გარემოს შემდგომ შენარჩუნებას და ფასების სტაბილურობის მეტად უზრუნველყოფას, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
მისივე შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მიმართულია საცალო ვაჭრობის სფეროში ფასწარმოქმნის მეტი გამჭვირვალობისკენ, მეტი ლოგიკისკენ და პრევენციისკენ, რომ სამართლიანი კონკურენციის პირობები არ დაირღვეს და მომხმარებლების ინტერესები მეტად იყოს დაცული.
“ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ეს ეროვნული ბანკის საზრუნავია, ჩვენ ამისთვის კონკრეტული ბერკეტი გაგვაჩნია და ეს არის საპროცენტო განაკვეთი. აღნიშნულის მართვით კი, ვცდილობთ ზეგავლენა მოვახდინოთ ინფლაციაზე და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივის ირგვლივ ვიქონიოთ.
როგორიც არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული პოლიტიკა მხოლოდ ამ ბერკეტით შესაძლოა გაჭირდეს ფასების სტაბილურობის შენარჩუნება თუკი ჩვენი მცირე ზომის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში კონკურენცია დაირღვევა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინფლაციური მოლოდინების უკეთ მართვასა და დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებაში. ეს არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან, არსებობს შესაბამისი დირექტივები. ეს არ ნიშნავს თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევას. მთავრობის ვალდებულებაა, რომ იქ სადაც არსებობს ეჭვი სამართლიანი კონკურენციის დარღვევის, კარტერული გარიგებებისა, თუ არალოგიკური ფასნამატების მიმართულებით, – აუცილებელია ქმედება”, – აცხადებს ნათია თურნავა.

ასევე დაგაინტერესებთ