„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სასურსათო პროდუქტების ფასების ფორმირების პროცესის შესასწავლად პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნება.
„მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტების საცალო ფასები, რაც მოქალაქეთა პირველადი ზრუნვის საგანია. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები, დაწყებულია პროცესი. ერთ-ერთ მიმართულებად დასახელდა საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეაც, როგორც ღია, საჯარო ფორმატი, რათა აუდიტორიამ დაინახოს საცალო პროდუქციის ფასთა ფორმირების პროცესი და ამ პროცესის შესაძლო ხარვეზები.
ღია, დემოკრატიული პროცესი განაპირობებს ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესმის და ჩართულია საჭირბოროტო საკითხების შესახებ დისკუსიაში და მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში. საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას“, – აცხადებს პაპუაშვილი.
პაპუაშვილს არ დაუკონკრეტებია რა სახის კომისიის შექმნას გულისხმობს, თუმცა პარლამენტის რეგლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის გარდა, ასევე ითვალისწინებს სხვა დროებითი კომისიების შექმნას. დროებითი კომისია არის „საპარლამენტო საქმიანობის დროებითი სუბიექტი, რომელიც იქმნება საზოგადოებრივი მნიშვნელობის იმ არამუდმივი ამოცანის შესრულების მიზნით, რომლის შესრულებაც საკითხის კოლეგიურ შესწავლასა და გადაწყვეტას საჭიროებს“. დროებითი კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადას. მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადაზე ნაკლები ვადით შექმნილი დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გააგრძელოს პარლამენტმა დროებითი კომისიის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს საქართველოში სურსათის ფასებთან დაკავშირებით ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კობახიძე აღიარებს, რომ საქართველოში სურსათი ბევრად ძვირია, ვიდრე ევროპაში და საქართველოში კარტერულ შეთანხმებაზე საუბრობს.
“მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება”, – აცხადებს ის სპეციალურად ამ თემაზე მომზადებულ ვიდეოში და დასძენს:
„მაგალითად, ესაა ე.წ. ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ. რაც მთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება,“- აღნიშნავს კობახიძე.




