საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
მე “ქართულ ოცნებას“ ვადანაშაულებ არა მხოლოდ ავტორიტარულ გადახვევაში, ანტიდასავლურ ისტერიაში, რუსეთის პირისპირ ქვეყნის მარტო დატოვებაში…
პირველ რიგში – ქვეყნის ზოგადი დონის დაცემაში, თანდათან გამდაბიოებაში, უზრდელობაში…
ქალის, ელჩის, უცხოს თუ შინაურის…
გოიმურ შეურაცხყოფაში.
გოიმი ყოველთვის იყო ელიტის დიდი ნაწილი;
რადგან ელიტა არ იყო სინამდვილეში, არამედ კომუნისტების ძალდატანებით დადგენილი ავტორიტეტების ერთობლიობა…
მაგრამ საბოლოოდ ამ ელიტამაც შეიძინა ამბიცია, ყოფილიყო “მოწოდების სიმაღლეზე“…
ავლიპ ზურაბიშვილმა ასწავლა, რომ კარგი კაცია, ვინც დაიჯერებს, რომ კარგია… და გარკვეულ დროს მათ ასეთი რამ დაიჯერეს.
და დაწყნარდნენ.
დღევანდელ მმართველობას აქვს ზიზღი ელიტურობის, დაუოკებელი ჟინი აქვს ყველას და ყველაფერს დაუმტკიცოს, რომ სინამდვილეში დახვეწილობა, ზრდილობა, გამოსულობა არ არსებობს.
ჯერ იყიდოს, მერე დაამციროს, მერე დასცინოს და ასე გაითანაბროს.
“ღორს არასდროს უნდა ეჭიდო, რადგან შენ დაისვრები და ღორი კმაყოფილი დარჩება“.
ჩვენ მდაბიოობის იგნორირების ძალაც დაგვაკარგვინეს, იმდენად შეგვეხნენ.
და ეგ არის მთავარი სისუსტე – საზოგადოების სისუსტე – ვეგებით. ეგ სისუსტე გვითრევს წუმპეში.
ჭაობია, გითრევს ნელ-ნელა და ხშირად თბილად, სანამ ყელში არ მოგიჭერს.
ზრდილობა არ არის მხოლოდ ფორმა.
ზრდილობა ბრძოლის იარაღია, ალბათ ყველაზე ძლიერი, რაც აქამდე შეუქმნია კაცობრიობას.
ზრდილობა, რომელიც ჯავშანია ღირსების. და ღირსების დაკარგვიდან არაადამიანად ქცევამდე არაფერი რჩება.
მტერი, ავტორიტარი, ყოველთვის შენს ღირსებას უმიზნებს, რომ ტალახად გაქციოს, სადაც ჩაწვება და უსუფთაობის განცდა აღარ დატანჯავს.
ვერ უნდა დაგვცენ ადამიანურად. არ უნდა დავექვემდებაროთ დეჰუმანიზაციას.
ვერ უნდა შეგვეხონ!
ზრდილობა!




