EES-ის დანერგვა „მზარდ ოპერაციულ გამოწვევებს“ ქმნის – ACI Europe

ევროპის აეროპორტების ასოციაცია ACI Europe მოუწოდებს ევროკომისიას და შენგენის ზონის 29-ვე ქვეყანას, მოაგვარონ „მზარდი ოპერაციული გამოწვევები“ შესვლა-გასვლის სისტემასთან (EES) დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ მისი დანერგვა 12 ოქტომბერს დაიწყო და სრულად ამოქმედება 2026 წლის 10 აპრილისთვის არის მოსალოდნელი. ორ თვეში, ევროკავშირის სასაზღვრო-გამშვებ სისტემაში უკვე 10 მილიონზე მეტი შესვლა დაფიქსირდა. ამჟამად ის ევროკავშირის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტის მეოთხედზე მეტზე ფუნქციონირებს.
ევროკავშირის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრის, მაგნუს ბრუნერის, რომელიც ინიციატივას ზედამხედველობს, წარმომადგენელმა განაცხადა, რომ EES–ის მუშაობა ჯერჯერობით „შეუფერხებლად და კარგად“ მიმდინარეობს და პლატფორმამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან „დადებითი და გამამხნევებელი“ გამოხმაურება მიიღო.
ACI Europe–ში კი ამტკიცებენ, რომ სისტემის დანერგვას ჩრდილავს „რეგულარული“ ჩავარდნები და კონფიგურაციასთან დაკავშირებით „მუდმივი“ პრობლემები, მოგზაურთა რეგისტრაციისა და ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებისთვის თვითმომსახურების კიოსკების მიუწვდომლობის ჩათვლით.
ასოციაციის მონაცემებით, ამან გამოიწვია საზღვარზე მგზავრების განაცხადების დამუშავების დროის 70%-ით ზრდა, პიკის საათებში კი ლოდინის დრო სამ საათს აღწევდა. განსაკუთრებით ძლიერად დაზარალდნენ საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ისლანდიის, იტალიის, პორტუგალიისა და ესპანეთის აეროპორტები.
ACI Europe-ის გენერალურმა დირექტორმა, ოლივიე იანკოვეკმა, აღნიშნა, რომ „მოგზაურები უკვე განიცდიან მნიშვნელოვან დისკომფორტს“ და გააფრთხილა, რომ გადაუჭრელი საკითხები გამოიწვევს შეფერხებების ზრდას, რადგან 2026 წელს EES-ის დანერგვა დაჩქარდება.