როდესაც გრიგოლ ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, ამ დროს საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? რამდენი შეხვედრაც ჩაატარა ნდობის ჯგუფმა უსაფრთხოების ხელმძღვანელობასთან, მუდმივად იყო ტაშის ცემა, დითირამბები და პანეგირიკი, – ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
ანდრო გოცირიძის განცხადებით, ქვეყანაში „ყურში ჩაჩურჩულების“ პოლიტიკაა და როგორც ჩანს, „ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა მასთან მიმართებით სწორად“.
„ივანიშვილის გარეშე საქართველოში არაფერი არ ხდება იმიტომ, რომ ძალაუფლების წყარო არის ივანიშვილი. მის ზურგს უკან შეიძლება წყდებოდეს ტაქტიკური საკითხები, ვიღაცისთვის რაღაცის შეთითხნა, მაგრამ როდესაც ეს ინსტიტუტები ინსტიტუციურ ჭრილში კი არ მუშაობენ, არამედ ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა ქვეყანაში. საქმეები აღიძვრება იმის მიხედვით, მის [ივანიშვილი] წინაშე დამნაშავე ხართ თუ არ ხართ. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ რუსულ პოლიტიკას ვუწოდებთ. აუცილებელი კი არ არის, რომ საქმის წარმოება რუსულად იყოს, ეს არის პოლიტიკის რუსული არსი: „რაზბორკები“, კორუფცია. კორუფცია აუცილებელია ავტორიტარულ რეჟიმებში. როდესაც უსამართლობას ავალებ სუს-ის უფროსს, თუ მას რაღაც „კარმუშკა“ არ მიეცი, ისე არ იმუშავებს. ძირს დაცემულს წიხლს ხელფასის გამო არავინ დაარტყამს, არ ჩაიდენს უკანონო მოსმენებს, უკანონო ფარულ მიყურადებას.
„ქოლ-ცენტრებზე“ როდესაცაა საუბარი და თუნდაც ოპოზიციის დაფინანსებაზე, სავსებით შესაძლებელია, რომ უსაფრთხოების სამსახურები მუშაობდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ეს არის პარტიული უსაფრთხოების სამსახური და შეიძლება აფინანსებდნენ ოპოზიციის ზოგიერთ ფიგურას არალეგალური ფულით. საქმე ისაა, რომ ეს ყველაფერი ნორმალურ სახელმწიფოში დანაშაულია. აშშ-ის პრეზიდენტები და ევროპული დემოკრატიის ხელმძღვანელები გვინახავს გადამდგარები ასეთი სკანდალების გამო.
როდესაც გრიგოლ ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა: ხელფასს იღებდა თურქული ბიზნესისგან, რომელიც ძლიერი მოთამაშეა რეგიონში, ფულს სძალავდა ინვესტორს, გაზიფიკაციაში ფულს იღებდა, ქარის წისქვილებში ფულს იღებდა, „ქოლ-ცენტრებს“ „კრიშავდა“, ამ დროს ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? რამდენი შეხვედრაც ჩაატარა ნდობის ჯგუფმა უსაფრთხოების ხელმძღვანელობასთან, მუდმივად იყო ტაშის ცემა, დითირამბები და პანეგირიკი. ამ ხალხის პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის? “, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.




