ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

მხოლოდ ერთი ლილუაშვილი და მხოლოდ ერთი რომეო მიქაუტაძე ვერ იქნებოდა ქარის ელექტროსადგურის აშენებაში ჩართული, ეს არის ისეთი საკითხი, რომელსაც სჭირდება პრემიერ-მინისტრის განკარგულება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ბესიკ დონაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
დონაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს. მისი განმარტებით, ის, რაზეც „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ბრაზდება, ს ღალატი და ოპოზიციასთან რაიმე სახის კავშირია.
„აქ მნიშვნელოვანია მთლიანი სურათი დავინახოთ. მხოლოდ ერთი ლილუაშვილი და მხოლოდ ერთი რომეო მიქაუტაძე ვერ იქნებოდა ქარის ელექტროსადგურის აშენებაში ჩართული ანუ მისი ნებართვის გაცემაზე, ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ეს არის ისეთი საკითხი, რომელსაც სჭირდება პრემიერ-მინისტრის განკარგულება, მარტო ეკონომიკის მინისტრი ვერ წყვეტს და ვერც ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე. მთავრობაზე უნდა გავიდეს, მთავრობამ უნდა მოიწონოს და შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გამოსცეს განკარგულება.
ლობირება ნიშნავს იმას, რომ მთავრობის მთლიანი შემადგენლობა არის ამ ყველაფერში ჩართული. ერთი ლილუაშვილი ვერ დაურეკავდა რომეო მიქაუტაძეს და ეს ორი ადამიანი ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ეს ფიზიკურად გამორიცხულია. მას ჰყავდა კიდევ თანამონაწილეები. ეს არის სამინისტროში, ქონების მართვაში, მიწის ნაკვეთები არის გადასაცემი და ქონების მართვაში ასევე გამოსაკითხი არის დეპუტატ დუგლაძის ძმა, გიორგი დუგლაძე, რადგან იმ პერიოდში ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. ამ ელექტროსადგურებს სჭირდება მიწების გადაცემა მრავალწლიანი იჯარით და ეს რგოლიც გამოსაკითხია.
რაც შეეხება გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან დაკავშირებული ტენდერებს, ეს კომპანიაც ხომ დათანხმდა ქრთამის მიცემას და, შესაბამისად, ქრთამის მიცემის შემდეგ მათი გაკეთებული პროექტები ხარისხიანია? ქრთამი გადაიხადა იმაში, რომ მას გარკვეული შეღავათები მიეღო სახელმწიფოსგან.
ასევე მნიშვნელოვანია „ქოლ-ცენტრების“ ამბავიც და არც „ქოლ-ცენტრებში” არ არის ასე მარტივად, რომ მხოლოდ ერთი გრიგოლ ლილუაშვილი იყო და მეორე სანდრო ლილუაშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს აორგანიზებდნენ.
„ქართული ოცნების” მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს იმიტომ, რომ იცის, თუ კი „ქართულ ოცნებაში“ ვინმე არის თანამდებობაზე, ყველა არის კორუფციაში ჩართული და თვითონაც თანამდებობაზე რომ იყოს, ისიც თვლის, რომ რაღაც უნდა მოიპაროს. ერთადერთი, რაზეც „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ბრაზდება, ეს არის ბიძინას თუ უღალატე და ოპოზიციასთან რაღაც კავშირი გქონდა. შესაბამისად, ეს განცხადება იყო დღეს, სოუსივით გააკეთეს და ლილუაშვილი რაღაცნაირად დააკავშირეს ოპოზიციასთან თანამშრომლობაში და თუ „ფეისბუქს” გადახედავთ, ნახავთ, რომ „ქართული ოცნების” ამომრჩეველი იმაზე ბრაზდება, ოპოზიციურ ტელევიზიებს როგორ აფინანსებდაო. თუმცა, იმაზე არა, რომ მილიონები მოგვპარა, სახელმწიფო გაძარცვეს, რაც გააკეთეს და ააშენეს, ისიც უხარისხოა, ბაგა-ბაღებში ბავშვებს საჭმლის ფული მოჰპარეს.
ბაგა-ბაღების სააგენტო აცხადებს რამდენიმე მრავალმილიონიან ტენდერს – ეს არის კვება, ავეჯი და შენობა. შესაბამისად, ის ტენდერები, რომლებიც ჩაწყობილია, მილიონზე მეტი ღირებულების არის. ბაღებში მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე ცალ-ცალკე ცხადდება კვების ტენდერი, დაახლოებით 73 მილიონამდე ადის ტენდერების ღირებულება”, – აღნიშნა ბესიკ დონაძემ.