გოტა ჭანტურია – ისტორიას არ ახსოვს, პატრული ქვეითს ეუბნებოდეს, ქვეითთა გადასავლელიდან გადადითო, ზურაბ ჯაფარიძეს კი, არ ვარ დარწმუნებული, რომ პროცესებზე დიდი და გარდამტეხი გავლენა ექნება

ისტორიას არ ახსოვს, რომ პატრულის თანამშრომლები მოსულიყვნენ და ქვეითს ეუბნებოდნენ, ქვეითთა გადასავლელიდან გადადითო – ისე არ არის, რომ საზოგადოება რისკებს არ ითვალისწინებს, პირიქით, ის მოქნილია, ერთი მხრივ
შეზღუდვებთან ადაპტირდეს და მეორე მხრივ, თავისი პრინციპები დაიცვას, – ამის შესახებ „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა, გოტა ჭანტურიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
ჭანტურიას განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება [აქციის ჩატარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პირობები] არის აბსოლუტურად უკანონო. გაუგონარია, ისტორიას არ ახსოვს, რომ პატრულის თანამშრომლები მოსულიყვნენ და ქვეითს ეუბნებოდნენ, ქვეითთა გადასავლელიდან გადადითო. აბსურდში არიან გახლართულები. რომ ვეუბნებოდით, „სად წავიდეთ?“ ვეღარ ამბობდნენ. ადამიანებს აქვთ შეკრების, მანიფესტაციის, პროტესტის გამოხატვის უფლება და ვერავინ ამას ვერ აუკრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, რომ აქ ერთი ან რამდენიმე ადამიანი არ არის, ვინც წარმართავს ამ პროტესტს და მე რომ დავიძახო, ხალხი გაჩერდება.. არავითარ შემთხვევაში! შაბათს სტუდენტების პროტესტი იყო, ახლა შაბათსაც იქნება. ამის პარალელურად, მედიის მხარდამჭერი მარშია. პარასკევს გვექნება განათლების სამინისტროსთან „მშობელთა კრება“. ეს პროტესტი გაგრძელდება. პატრულის მიერ ტროტუარის ხელოვნურად განსაზღვრა, რომ ახლა თქვენ აქ უნდა დადგეთ და მერე იქ უნდა დადგეთ, ეგ უკვე არის არაავთენტური, არაბუნებრივი. ეს უკვე არის ამ პროტესტის ჩაკვლა. ბუნებრივია, ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავემორჩილებით და ჩვენი გამოხატვის უფლებით ვისარგებლებთ. შეიძლება, ვიღაც რაღაც მომენტში დაემორჩილოს, ამ დროს, სხვა ჯგუფი არ დაემორჩილოს.
მე პირადად, აქამდე ჯერჯერობით არც ერთხელ არ ვიყავი დაკავებული და სწორედ ამ სტრატეგიას მივმართავდი, რომ მნიშვნელოვანია და ჯობია, გარეთ იყო და იყო აქტიური და წვლილი შეიტანო, ვიდრე, მაინც და მაინც, დაპირისპირებაში შეხვიდე პოლიციასთან. რამდენიმე წერილი და განცხადება შევიდა აქციასთან დაკავშირებით, სადაც ინფორმაცია მივაწოდეთ. ამიტომ, ის, რომ საზოგადოება არ ითვალისწინებს ამ რისკებს, ასე არ არის, პირიქით. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს რისკები, ერთი მხრივ, გავითვალისწინოთ. ცხადია, ჩვენ 100%-ით დაცულები მაინც არ ვართ, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავში რა მოუვა, არავინ არ იცის. მეორე მხრივ, ჩვენი პრინციპები არ დავთმოთ და ხილული პროტესტი უნდა გამოიხატებოდეს. ამ მხრივ, საზოგადოება მოქნილია, ერთი მხრივ ადაპტირდეს და მეორე მხრივ, თავისი პრინციპები დაიცვას“, – განაცხადა ჭანტურიამ.
რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, ჭანტურია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ციხიდან გამოსვლას მიესალმება, თუმცა არაა დარწმუნებული, რომ შეიძლება ჯაფარიძეს პროცესებზე „დიდი, გარდამტეხი გავლენა ჰქონდეს“.
„ის, რომ გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ჩაინიშნა ახალ საქმეზე სასამართლო პროცესი აჩვენებს „ქართული ოცნების“ ბუნებას, რომ რაღაც სადისტური ბუნება აქვთ – მართლა რა უბედურებაა, რომ ადამიანი ახლა გამოვიდა და მეორე დღესვე სასამართლოს უწყობ. ეს არაადამიანურია. ასევე, ეს შეიძლება იყოს გადაფარვის მცდელობა იმისა, რომ ზურაბ ჯაფარიძის პოლიტიკურმა გაერთიანებამ აკრძალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების საკითხზე საერთაშორისო ინსტიტუციებს მიმართა. ესეც არის ნიშანი, რომ „ქართულ ოცნებას“ ნებისმიერი აქტიური პოლიტიკოსის ეშინია.
მე იდეოლოგიურად აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია მაქვს ზურა ჯაფარიძისგან და უამრავ საკითხში, უბრალოდ, დიდი აცდენა გვაქვს და არ ვეთანხმები. შესაბამისად, არ ვიცი, რა გავლენა ექნება პროცესზე. ბევრი ამბობდა, რომ პროცესს პოლიტიკოსი სჭირდება. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მას შეიძლება დიდი, გარდამტეხი გავლენა ჰქონდეს, რომ რაღაც ცვლილებები შეიტანოს. პრაგმატული კუთხით არ ვუყურებ, რომ მისი გამოსვლა მნიშვნელოვანია. ჰუმანური კუთხით, ნამდვილად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გოტა ჭანტურიამ.
ჭანტურია ასევე, გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. ჭანტურიას შეფასებით, ეს არის „ძალაუფლების კონსოლიდაციის სტრატეგია“.
„ეს არის ძალაუფლების კონსოლიდაციის სტრატეგია, გეგმა, რასაც თვითონ როგორც ამბობს, მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება და იშორებს ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს, რაც პერსპექტივაში შეიძლება დადგეს. გარდა ამისა, ამას ძალიან კარგად იყენებს მათ შორის, სხვა მოწინააღმდეგეების გასანეიტრალებლად. ამ შემთხვევაში, როგორც თვითონ აღნიშნეს განცხადებაში, ოპოზიციურ მედიასაც მოსცხეს ჩირქი. მეორე მხრივ, ნიშანია ყველასთვის შიგნით, თვითონ „ქართულ ოცნებაში“, რომ უსაფრთხოდ ვერავინ იქნება, ვინც არ არის მორჩილი, ან ვისაც განსხვავებული აზრი ექნება. როგორც ჩანს, სხვები [, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომეო მიქაუტაძე] საფრთხეს წარმოადგენენ ირაკლი კობახიძისთვის“, – განაცხადა გოტა ჭანტურიამ.