ენმ-ში გამოეხმაურნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ.
თინა ბოკუჩავას შეფასებით, ახლა ჯერემი როზნერს და “ნაციონალურ მოძრაობას” კავშირი არ აქვთ. მისი თქმით, საქმიანი ურთიერთობა წარსულში იყო.
“ჯერემი როზნერის სახელი არაფერ მსგავსს არ უკავშირდება, ამიტომ, მასთან ურთიერთობა რომც იყოს, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ახლა მასთან “ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი ურთიერთობა არ აქვს. 12 წლის წინანდელ ამბავზე თუ მესაუბრებით, ალბათ უპრიანი იქნება იმ ადამიანებს ჰკითხოთ, ვინც მაშინ იყო ხელისუფლებაში, თუმცა მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ვიცნობ. მე, როგორც ვიცი, სხვა ოპოზიციურ პარტიასთან აქვს [შეხება]… მიკროფონებთან არ ვიტყვი, თავად თქვან, პრობლემა კი არ არის,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თუ ლობისტები პარტიას სწორ რეკომენდაციებს მისცემენ, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
“თუ სწორ რეკომენდაციებს მისცემენ პარტიებს ლობისტები, ქვეყანა რატომ უნდა დააზიანოს?! მსოფლიო ბანკის კვლევა არავითარი პოზიტივის შემცველი არაა და გადაფარვა არ სჭირდება,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ათი დღის წინანდელი ახალი ამბავი მსოფლიო ბანკის პოზიტიური შედეგების გადასაფარად შემოინახა. საქმე იმაშია, რომ მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით ევროპის საუკეთესო ათეულშია. მმართველი გუნდის ინფორმაციით, ვინაიდან ამ კვლევის შედეგების გამოქვეყნება ცნობილი იყო, ამერიკელი პიარ კონსულტანტის, ჯერემი როზნერის მითითებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ყოველწლიურ შემოწმებაზე საუბარი სწორედ მსოფლიო ბანკის ანგარიშის გამოქვეყნებისთვის დაემთხვია და პოზიტიური თემა გადაეფარა. “ქართული ოცნების” წევრების თქმით, ოპოზიცია შეეცადა ისე წარმოეჩინა, თითქოს რაიმე სკანდალური მოხდა.