“უკრაინა NATO-ში არ არის, რადგან ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. პრეზიდენტი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს რიგი ქვეყნების განცხადებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში პოტენციურ ესკალაციასთან დაკავშირებით.
“უკრაინა NATO-ში არ არის, რადგან ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურადაა განწყობილი. რისი ეშინია ქვეყნების ამ ჯგუფს? მათ ეშინიათ რუსეთის მხრიდან ესკალაციის. ეს არის ოფიციალური განცხადება. ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნებია. მაგრამ ძალიან შეურაცხყოფად ჟღერს. თუ ამბობენ, რომ იქნება ესკალაცია რუსეთის მხრიდან, ამბობენ, რომ ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათი არ არის, ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის დამამცირებელი და ღალატი უკრაინის მიმართ… ნათქვამია, რომ მათთვის მიმდინარე სიტუაცია უკრაინაში, სადაც დაახლოებით მესამე ტერიტორიაა ოკუპირებული, სადაც ამდენი ადამიანი დაიღუპა, არ არის ესკალაცია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის დამარცხება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ყველა “ომის დასრულების მხარეს იქნება” და იფიქრებს საზოგადოების უსაფრთხოებაზე და არა “მათ პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე”.
როგორც Ukrinform იტყობინება, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიკომ განაცხადა, რომ ის უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, რადგან, მისი თქმით, ” ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის საფუძველი”.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებების დასრულებამდე NATO-ში მისი სრულუფლებიანი გაწევრიანება შეუძლებელია.