გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქალაქ რუსთავში მოქმედი საწარმოების კონტროლს კიდევ უფრო გააძლიერებს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ალექსანდრე დალაქიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი რუსთავში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საკითხები განიხილეს.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქალაქ რუსთავში, ბოლო წლების განმავლობაში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, თუმცა გამოწვევები ისევ არსებობს.
„არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა იმისათვის, რომ ქალაქ რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვაა, რომელიც დღეს თითქმის ყველა საწარმოს აქვს. თუმცა, ბოლო პერიოდში ქალაქ რუსთავში შეიმჩნევა უსიამოვნო სუნის გავრცელება. ჰაერის დაბინძურების კუთხით გამოწვევები კვლავ აქტუალურია. სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა შეხვედრა საწარმოების წარმომადგენლებთან“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
ბიზნესსექტორთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქალაქ რუსთავში მოქმედი საწარმოების კონტროლს კიდევ უფრო გააძლიერებს. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ყველა მსხვილი საწარმოს ინსპექტირებას.
„სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად შევხვდით საწარმოების წარმომადგენლებს და მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია მიმდინარე საკითხებზე, რომლებმაც პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, მაღალია ინტერესი, თუ როგორ მუშაობენ საწარმოები რუსთავში და რას აკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს გადაიარაღება და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023–2025 წლების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მთავარი პრიორიტეტებია სამრეწველო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორებიდან წარმოშობილი დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცირება.
ქალაქ რუსთავში ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელსაწყო-დანადგარებით და უზრუნველყოფს გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი მონაცემების უწყვეტ, 24 საათიან მიწოდებას.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს




