„გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი გადაიხდის თუ არა 30 000-ლარიან გირაოს, რომელიც საბოტაჟის საქმეზე დაეკისრა.
დღეს, 22 დეკემბერს, მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ზურა გირჩი ჯაფარიძეს, საბოტაჟის საქმეზე, 30 000 ლარის გირაოს გადახდა დააკისრა. პროკურატურის მოთხოვნით, ჯაფარიძეს ჩამოერთმევა პირადობის მოწმობა, პასპორტი, პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა. გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განისაზღვრა.
„არ მაქვს ჯერ პოზიცია [გადავიხდი თუ არა გირაოს]. ჩემი აზრით, ერთადერთი რასაც ეს უკავშირდება, არის დღევანდელი სამსაათიანი ბრიფინგი, რომელიც კოალიციამ გააკეთა, სადაც ვილაპარაკეთ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ადამიანების წინააღმდეგ სისტემური წამების ფაქტებსა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების თაობაზე. ერთადერთი, რასაც შემიძლია დავუკავშირო ლოგიკურად, არის ეს, იმიტომ, რომ სხვაგვარად ვერ ვხსნი დღეს რა შუაში იყო ეს ამბავი. რატომ არ გააკეთეს პარასკევს? მე ხომ პარასკევს დილის რვა საათიდან გარეთ ვარ და თუ ჩემი გარეთ ყოფნა პრობლემა იყო გირაოს გარეშე, პარასკევს ჩაენიშნათ, შაბათს ჩაენიშნათ, დღეს დილით ჩაენიშნათ. ერთადერთი არის ის, რომ სამზე იყო ბრიფინგი და ორ საათში დაიწყეს რეკვა, რომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა ვიმსჯელოთო. სხვა ვერაფერს ვუკავშირებ.
კიდევ გავიმეორებ, ეს არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომ ეს თემა მათთვის არის ძალიან მტკივნეული. როგორც კი მაგ თემას შეეხები, გეწყება პრობლემები. ეგ ნიშნავს, რომ მაგ თემაზე უნდა მივაწვეთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი ძალიან დიდი.
დარბაზში რაც ხდებოდა, იყო ჩვეულებრივი სტანდარტული მასკარადი. იქიდან რაღაცაზე მსჯელობა რთულია. პროკურორი მოუმზადებელი იყო და უბრალოდ ლაპარაკობდა ჩემს პიროვნულ მახასიათებლებზე, რაც კი გაუგია მედიიდან მაგას ყვებოდა, რომ მე ვარ არაკანონმორჩილი ადამიანი, კანონს პატივს არ ვცემ და ამიტომ გირაო მიშველის, რაც არის სისულელე. კიდევ ვიმეორებ, რასაც მედებენ ბრალს, რომ უცხოელებთან ვლაპარაკობდი და ხალხს მოვუწოდებდი პროტესტისკენ, მაგას ახლაც ვაკეთებ და აქედან რომ წავალ, პროტესტზე გავალ-მეთქი. გირაო მექნება თუ არ მექნება, მაგას როგორ აზღვევთ-მეთქი და ორივეჯერ გამიტარა მაგ კითხვაზე პასუხი, არ უპასუხია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.




