თბილისის მერი კახა კალაძე „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობას ადასტურებს.
„შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით. დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს“, — განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
კალაძე არ პასუხობს კითხვას, რა არის გამოკვლევის საგანი.
კითხვაზე, არის თუ არა ის მზად, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, კალაძე ამბობს, რომ მის მიერ „გამოძიებასთან სათანამშრომლო არაფერი არ არის“.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სააქციო საზოგადოება „პროგრესიდან“, რომელიც „პროგრეს ბანკის“ ბაზაზე შეიქმნა, დოკუმენტები ამოიღეს.
გიორგი მოდრეკელიძე, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, კალაძის დაფუძნებული ბანკში მუშაობდა და სააქციო საზოგადოებად მისი გარდაქმნის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოს ფიქციურ ხელმძღვანელად დანიშნეს, „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ სახლიდან სპეცოპერაციით გაიტანეს დოკუმენტაცია, მათ შორის, „პროგრეს ბანკის“ მიერ განხორციელებულ ტრანზაქციების, აქციონერების დეპოზიტების და გადარიცხვების შესახებ სრულ ინფორმაცია.
„პროგრეს ბანკი“ კახა კალაძემ 2007 წელს, „კალა კაპიტალის“ მეშვეობით დააფუძნა. ბანკის მართვაში თავდაპირველად ჩართული იყვნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და კალაძის სპორტული აგენტი ლორენცო ჩიპრიანი. დაარსების 2011 წლის 22 ნოემბრამდე „პროგრეს ბანკის“ 100%-იან წილს კახა კალაძე ფლობდა. 2011-12 წლებში ბანკის აქციები 20%-ზე მეტი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა.
კახა კალაძემ საკუთარი წილი 2013 წლის ბოლოს გაყიდა.
2016 წლის სექტემბერში ბანკის აქტივები „თიბისი ბანკმა“ შეიძინა და ბანკის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, 2018 წელს არასაბანკო ორგანიზაცია სს „პროგრესად“ გარდაიქმნა.




