გიგი წერეთელი – ევროკომისიის ანგარიში მძიმე და სამწუხაროა, ეს ცივილიზებული სამყაროსგან დაშორებას ნიშნავს – არავის უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, რომ ევროკავშირთან დაშორებით, -სთან დაახლოება შესაძლებელია

ასეთი შეფასება მოულოდნელი არ ყოფილა. ყველას ესმის, რომ ევროკავშირის წევრობა და ამ მიზნისთვის საფეხურებზე წინ წაწევა, გარკვეული პირობებით ხდება – მძიმე და სამწუხარო ანგარიში იყო. ეს ცივილიზებული სამყაროსგან და ევროპისგან დაშორებას ნიშნავს და არავის უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, რომ ევროკავშირთან დაშორებით, -სთან დაახლოებაა შესაძლებელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა რითაც, ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სტატუსი შესაძლოა დაკარგოს.
მისი შეფასებით, ყველა ქვეყანამ, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრია, ის გზა გაიარა, რომელსაც ახლა საქართველო გადის და მიიღო ის სიკეთეები, რომლის მიღების გამოც, ქართველები ქვეყანას ტოვებენ.
„უკიდურესად მძიმე და სამწუხარო ანგარიში იყო, ეს ცივილიზებული სამყაროსგან და ევროპისგან დაშორებას ნიშნავს. არავის უნდა ჰქონდეს წარმოდგენა იმისა, რომ ევროკავშირთან დაშორებით, შესაძლებელია აშშ-სთან დაახლოება. ბევრ ტყუილს ვისმენთ, თუმცა „რაიმე შევასრულეთო“, ამაზე ლაპარაკიც არ არის. ომი აქვთ გაჩაღებული ხან ვერბალური, ხან გარკვეული გადაწყვეტილებებით, შენიშვნებთან და კრიტიკასთან ერთად. მეორე მხარე მორალურ-ეთიკურია. თუ ვინმე კრიტიკულს იტყვის – ყველა მტერია და „დიფ-სთეითისგან“ მართული, მათ შორის, აქაური მედიაც, ოპოზიციაც, კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება. ამ გაუგებარ საინფორმაციო ბაკჰანალიაში ვიმყოფებით, როდესაც ელჩებისა და მაღალი თანამდებობის პირების ლანძღვა-გინება ხდება, დეზინფორმაციის გავრცელება და შეურაცხყოფა. სანამ ასეთ ვითარებაში ვიმყოფებით, არაფრის პერსპექტივა არ არსებობს. ეს მხოლოდ ევროპას არ ეხება, აშშ-სთანაც იგივე ხდება, გაგზავნილი წერილებიც გვახსოვს და ელჩის რეაქციებიც. სამწუხარო და რთულია, როდესაც ასეთ რთულ ვითარებაში ვართ. უნდა გვესმოდეს ამის შედეგი რა შეიძლება იყოს – ურთიერთობები ორმხრივად შესუსტდება, პროგრამები შემცირდება, ეს ყველაფერი კი ჯამში ქვეყნის ეკონომიკაზე სერიოზულად იმოქმედებს. ხელისუფლებას ისეთი კარი აქვს გაღებული და ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებს იწვევენ, როგორიც არიან: ჩინელები, ირანელები, არაბული ქვეყნების მოქალაქეები, ამით კი ცდილობენ აჩვენონ, რომ ჩანაცვლება შესაძლებელია“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისივე თქმით, აზიურ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაძლოა ევროპისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იყოს, რადგან ეს ევროპისთვის მიგრაციის მხრივ საფრთხეს წარმოადგენს.
„ერთია ის რეკომენდაციები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს და საპირისპიროდ იქცევა. ასევე არის სხვადასხვა ნიუანსები, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც შესაძლოა ევროპაში საქართველოს გავლით გახდნენ ემიგრანტები. მიგრაცია მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამიტომ ქვეყნის შიდა სავიზო პოლიტიკა შესაძლოა დამატებითი არგუმენტი იყოს, როგორც გარკვეული საფრთხეების ევროპისთვის. უკიდურესად მძიმე ზღვარზე ვიმყოფებით, მაშინ როდესაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსტრუმენტი ჩვენი ინტეგრაციის – თავისუფალი მიმოსვლაა. ახალი რეგულაციები, რომლებიც დეკემბრის ბოლოს მიიღეს, იძლევა შესაძლებლობას, რომ გაცილებით მოქნილად მიუდგნენ ამ საკითხს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, გიგი წერეთელმა, ასევე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებაზე ისაუბრა და დადებითად შეაფასა მისი განწყობა, ერთიან სტრატეგიაზე სასაუბროდ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს შეხვდეს.
„ზურა ჯაფარიძის გათავისუფლება დადებითი ამბავია. ფილმებში გვინახავს ასეთი სიუჟეტი, როდესაც, ციხის კარები იღება და ადამიანი გარეთ გამოდის, გარეთ კი მარტო დგას. მიუხედავად განმარტებებისა, ფაქტია, რომ ზურა მაისურით გამოვიდა ქუჩაში. ზურას გამოსვლა ყველა დაკავებული პოლიტიკოსისა და სინდისის პატიმრის იმედია, რომ ისინიც მალე დატოვებენ ციხეს.
რაც შეეხება ერთიანობას, ეს თემა გადაღეჭილია, ეს საკითხი ახალი არ არის, თუმცა ზურამ ეს პროცესი განაახლა. მას ჯერ კიდევ ბევრი რამ არ დაუკონკრეტებია. მას შეხვედრები ექნება და თავის მოსაზრებებს იტყვის, მაგრამ ზურას დიდ ტვირთს ნუ დავადებთ, თავად უნდა გადაწყვიტოს რამხელა ტვირთს აიღებს თავის თავზე. ის თუ შეძლებს, რომ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები და ინდივიდები დააყენოს ერთ მხარეს იმისათვის, რომ თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა არ დავკარგოთ და რუსეთს არ ჩავბარდეთ, ეს კარგი იქნება, მაგრამ რთული. ასევე, სუპერ-იდეალისტურად არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, რომ ყველა გაერთიანდება, ეს არ გამოვა, თუმცა შესაძლებელია, რომ ბევრი კრიტიკული მასა ერთად იყოს.
ჩვენ მკაფიოდ ურთიერთობების წესების შემუშავება გვჭირდება, ასევე მიზნები უნდა ჩამოყალიბდეს. ზურას ამის მორალური უფლებაც აქვს, რადგან ის ახლა გამოვიდა ციხიდან და დრო ჰქონდა, გაეაზრებინა პროცესები. მას შეუძლია ადამიანებთან საუბარი. ეს პროცესები, ალბათ, დაიწყება და ვნახოთ, სადამდე მივა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ