რესპუბლიკურ საავადმყოფოს არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია – გამოიკვეთა, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მიზანშეუწონელი იქნებოდა – ზურაბ აზარაშვილი

ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რამ განაპირობა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფოს აშენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კლინიკის შენობა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
„ხუთი სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ისინი მუშაობდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო მაკრედიტებელ კომპანიასთან ერთად, რომელიც ამავდროულად, იყო ჩვენი კონსულტანტი, თუ როგორი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყოს ახალი კლინიკა. დასკვნის მიხედვით გამოიკეთა, რომ ყველა საჭირო და აუცილებელი სამუშაოების შემთხვევაში, რომელიც კლინიკაში ჩასატარებელია, ამ კლინიკის რეაბილიტაცია არახარჯეფექტური და მიზანშეუწონელი იქნებოდა. შედეგად, ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს ორი შენობის გარკვეული ნაწილის დატოვება. ძირითადი სამკურნალო კორპუსი რაც არის, იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი აშენდება. იქნება 500 საწოლზე გათვლილი და ყველა ის მიმართულება თუ პროფილი ექნება, რაც აუცილებელია მრავალპროფილური კლინიკისთვის.
რამდენიმე დღის წინ ძლიერი ქარის დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს ფასადმა დაიწყო ცვენა, კონსტრუქცია არის საკმაოდ ამორტიზებული. ამ ნაწილში გვაქვს კიდევ ერთი დამატებითი დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც მითითებულია, რომ გადაუდებლად აუცილებელი, საჭიროა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. შესაბამისად, მთავრობაზე მივიღეთ თანხმობა, რომ დავიწყებთ არსებული ფასადის სადემონტაჟო სამუშაოებს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.