მთის კურორტებზე, კერძოდ კი ბაკურიანში მოქმედ ზოგიერთ სასტუმროში, ახალი წლის დღეებში, ნომრების თითქმის 100% უკვე დაჯავშნილია. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ბაკურიანის რამდენიმე სასტუმროში განუცხადეს, წელს, გასული წლისგან განსხვავებით, ადგილობრივი ვიზიტორების გააქტიურება შეინიშნება.
როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, ძირითადი მოთხოვნა დამსვენებლების მხრიდან ნომრების დარეზერვებასთან დაკავშირებით, 30-31 დეკემბერზე და 1-ელ იანვარზე მოდის.
სადღესასწაულო დღეებში თითქმის სრულადაა დაჯავშნილი „ბაკურიანი ინნ“-ი. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სასტუმროს კომერციულმა დირექტორმა ნინა ხოტივარმა განაცხადა, წინასწარი მოთხოვნა სადღესასწაულო დღეებზე გასულ წელთან შედარებით მკვეთრად გაზრდილი იყო.
„2025 წლის მიწურულს, შედარებით 2024 წლის დეკემბერთან, წინასწარი მოთხოვნები მკვეთრად იყო გაზრდილი. ამის საფუძველზე, ზამთრის პერიოდზე ჯავშნების მიღება გაცილებით აქტიური იყო. თუ შევეხებით უშუალოდ ახალი წლის პერიოდს, დღეის მდგომარეობით, გაყიდვები ფაქტობრივად, “დახურულია“. დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე თავისუფალი ნომერი. საუბარია ზუსტად იმ პერიოდზე, რომელშიც საახალწლო დღესასწაული მოიაზრება. მხედველობაში მაქვს 30, 31 დეკემბერი და 1-ელი იანვარი.
ბოლო ნომრებიც ჯავშნებში არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე გვიფიქსირდება. თორემ როგორც წესი, ეს პერიოდი ასეთი მოთხოვნის დინამიკის პირობებში, უკვე არის ხოლმე ე.წ. სოლდ აუთი.
ბაზრები ჩვენს შემთხვევაში ყოველთვის არის ხოლმე დიფერენცირებული, რაც როგორც წესი რისკების შემცირებასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ძალიან აქტიურია შიდა ბაზარი. ასევე, ძალიან აქტიურია მეზობელი ქვეყნები. განსაკუთრებით, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან აქტიურობენ ვიზიტორები. დანარჩენი უკვე არის შერეულად, სხვადასხვა ქვეყნებიდან და სტუმრების მთლიანი მოცულობის 15-20%-ზეა აქ საუბარი“, – აცხადებს ნინა ხოტივარი.
ადგილობრივი ვიზიტორების აქტიურობაზე საუბრობენ „7 Cottage in Bakuriani“-შიც. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კოტეჯების მეპატრონემ განუცხადა, ახალი წლის ღამეს დასასვენებელი სივრცე უკვე სრულად დაჯავშნილია.
„100%-იანი ჯავშანი გვაქვს უკვე ახალი წლის ღამეზე. 31, 1, 2 – აი ამ სამ დღეზეა განსაკუთრებული მოთხოვნა. ჯამურად კოტეჯები იტევს 70 ადამიანს დაახლოებით. ჩვენთან უფრო ქართველებისგანაა მოთხოვნა, თუმცა შიგადაშიგ უცხოელებისგანაც შეიმჩნევა. ძირითადად, არაბები და რუსები“, – აცხადებენ „7 Cottage in Bakuriani“-ში.
ჯავშნების 2 თვით ადრე დაიწყო სასტუმრო „პლაზაში“. როგორც ერთ-ერთი აპარტამენტის მეპატრონემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, ვიზიტორების ეს სეგმენტი ნომერს ძირითად შემთხვევაში შეღავათიან ფასად ეძებდა.
„2 თვით ადრე დაიწყო ჯავშნები. ამ პერიოდიდან ის სეგმენტი ეძებდა, ვინც შედარებით ბიუჯეტურად ეძებს. დიდი პერიოდით ვისაც უნდოდა დარჩენა, ისინი კიდევ თანხმდებიან შეღავათიან ფასებში. თუმცა, 2-3 დღით რომ უნდა დაქირავება ადამიანს და ეძებს ბინას შეღავათიან ფასად, 100 ლარად ღამეში, ამ ფასში არავინ არ მიაქირავებს. ახალი წლის ღამეს ადგილი არ იქნება, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ყველა ნომერი სავსე იქნება. რადგან ბევრია უკვე გასაქირავებელი ფართები და ნაკადიც იმდენი არაა, ახალი წლის მერე, სადღაც 10-15 იანვრიდან, ნელ-ნელა დაიწყებს კლებას ფასებიც და ხალხის ნაკადიც. თუმცა, ახალი წლის ღამე 99.9%-ით დატვირთულია ხოლმე. თოვლმაც თუ შეუწყო ხელი, მით უმეტეს.
წელს რასაც ვხედავ, ქართველები უფრო აქტიურობენ. წინა წლებში, ახალი წლის პერიოდებში, ძალიან ბევრი არაბები იყვნენ. წელს არავინ შემხმიანებია“, – აცხადებს აპარტამენტის მეპატრონე.
ქართველი და უცხოელი ვიზიტორების მხრიდან თანაბარ მოთხოვნაზე საუბრობენ სასტუმრო „კრისტალში“. სასტუმროში ამბობენ, რომ ძირითადად დატვირთული 31 დეკემბერი და 1-ელი იანვარია.
„ახალი წლის ღამეს მთლიანადაა შევსებული სასტუმრო. ჩვენთან ძირითადი დატვირთვა 31 დეკემბერზე და 1-ელ იანვარზე მოდის. მოთხოვნა თანაბარია, როგორც უცხოელებიდან, ასევე ქართველებისგან“, – აცხადებენ „კრისტალში“.




