ბიზნესი ხარჯების ზრდის გამო წნეხშია და ახალ თანამშრომლებს ვეღარ ასაქმებს – გიორგი ხიშტოვანი (bm.ge)

ბიზნესი ხარჯების ზრდის გამო წნეხშია და ახალ თანამშრომლებს ვეღარ ასაქმებს – ამის შესახებ BMG-სთან ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი საუბრობს.
მისი თქმით, ბიზნესი გაზრდილი საოპერაციო ხარჯების, განსაკუთრებით კი ხელფასების მატების გამო, სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება. შემოსავლების ზრდის შენელების ფონზე კი, კომპანიები იძულებულნი ხდებიან, ან პროდუქციაზე ფასები გაზარდონ, ან თანამშრომლების აყვანისგან თავი შეიკავონ.
„ბიზნესისთვის ეს არის საოპერაციო ხარჯი და იმის გათვალისწინებით, რომ მას არ ეზრდება შემოსავლები, რა თქმა უნდა, ეს აწვება ბიზნესის მოგებიანობას,“ – ამბობს ხიშტოვანი.
მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ეტაპი სრულდება, რაც ბიზნესს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.
ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ ბაზარზე შეიქმნა ერთგვარი „ეშმაკის წრე“: მოსახლეობაში მაღალი ინფლაციის გამო, ხელფასების ზრდის მოლოდინი არსებობს, რაზეც ბიზნესი იძულებულია, რეაგირება მოახდინოს. თუმცა, რადგან კომპანიების შემოსავლები ისეთი ტემპით ვეღარ იზრდება, დამატებით ხარჯებს ისინი ფასების მატებით აკომპენსირებენ, რაც, თავის მხრივ, ისევ ინფლაციას აძლიერებს.
„ჯაჭვია შემდეგნაირი: დასაქმებულ მოსახლეობაში მოლოდინია, რომ ხელფასი გაიზრდება. ბიზნესი იძულებულია, რომ უპასუხოს ამ მოლოდინს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკა ისე ვეღარ იზრდება და კონკრეტული ბიზნესები ვეღარ ახერხებენ შემოსავლების ზრდის ხარჯზე ამ დამატებითი ხარჯის დაფარვას, ისინი არიან წნეხში და უწევთ ფასის მატების ხარჯზე ამის დაკომპენსირება,“ – განმარტავს ხიშტოვანი.
მისივე თქმით, ბიზნესის „წუწუნი“ გაზრდილ ხარჯებზე სინამდვილეში შემცირებულ შემოსავლებზე წუხილია. როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ხელფასების რეალური ზრდის ტემპიც უკვე მნიშვნელოვნად შენელდა.
გიორგი ხიშტოვანი პროგნოზირებს, რომ თუ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება, 2026 წელი როგორც დასაქმებულებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდეს.
„ბიზნესი აღარ ასაქმებს ახალ ადამიანებს დიდად, ჩვენ ამას ვხედავთ დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვში, რომელიც მინიმალურად არის გაზრდილი და ბიზნესი ახლა ასეთ ვითარებაშია – ახალი თანამშრომლები არ ჰყავს, ძველს მინიმალურად უზრდის ხელფასს, ან უშვებს. ბიზნესი თუ წუწუნებს გაზრდილი ხელფასების წნეხზე, აქ წუწუნი სინამდვილეში არის შემცირებულ შემოსავლებზე. მას შემოსავლები რომ ეზრდებოდეს ისე, როგორც ეზრდებოდა 2024-ში და 23-ში, ბიზნესი არსებული ხელფასების ზრდით კმაყოფილი იქნებოდა, არ იწუწუნებდა. მაგრამ აღარ იზრდება შემოსავლები და შესაბამისად, ის დილემურ სიტუაციაშია.
მე ამ პროგნოზსაც გავაკეთებდი, რომ მომავალ წელს, შეიძლება სიტუაცია დამძიმდეს, როცა ზრდა კიდევ უფრო შენელდება, შესაბამისად ბიზნესს მოუწევს, არ გაზარდოს ხელფასები და შესაბამისად მიიღოს უკმაყოფილო თანამშრომლები, ან გაუშვას სახლში. ტრენდი არის იქითკენ, რომ კიდევ უფრო მძიმე წელი იქნება სამუშაო ბაზარზე, როგორც დასაქმებულებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის“ – ამბობს გიორგი ხიშტოვანი BMG-სთან.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი 10.5%-ით, თითქმის, 231 ლარით გაიზარდა და 2 421 ლარი შეადგინა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე მშენებლობის სექტორებში. 10.3%-ით გაზრდილია არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასიც და მან 2009 ლარი შეადგინა.
bm.ge