საქართველოში საარსებო მინიმუმი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 26 ლარით, ერთ თვეში კი 5.9 ლარით გაიზარდა. საქსტატის მიხედვით, 2025 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 288.4 ლარი იყო, მაშინ როცა 2024 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 262.4 ლარს შეადგენდა, 2024 წლის ოქტომბერში კი 282.5 ლარს.
ამასთან, კიდევ უფრო ნაკლებია საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში 255.4 ლარით განისაზღვრა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 232.4 ლარით, ხოლო 2025 წლის ოქტომბერში 250.3 ლარით.
სოციოლოგი და ეკონომისტი პაატა აროშიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ საქართველოში, საარსებო მინიმუმი ძირითად ყველაზე აუცილებელი სასურსათო კალათით, ასევე კომუნალური გადასახადებითა და მედიკამენტებით ითვლება. ეს მაშინ როდესაც საერთაშორისო სტანდარტით, აქ დასვენებისა და გართობის ხარჯიც კი გათვალისწინებულია.
„საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული იყო და ხელისუფლებები ამას იყენებდნენ მანიპულაციისთვის. თუ ვთქვათ, საარსებო მინიმუმს მაღალ დონეზე დაითვლი, გამოვა, რომ შენ არ გყავს ღარიბ-ღატაკები. თუმცა, თუ საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით დაითვლება, გამოვა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ღარიბ-ღატაკებს მიეკუთვნება.
ჩვენთან საარსებო მინიმუმში ძირითადი ადგილი უკავია სასურსათო კალათას, შემდეგ მოდის კომუნალურები და მედიკამენტები. თუ გადავხედავთ საერთაშორისო დათვლებს, აქ ყველაფერი გათვალისწინებულია, კურორტზე დასვენებაც კი, თუნდაც თვეში ერთხელ ღვინის მიღება, გართობა, რომელიც მიჩნეულია, რომ აუცილებელი პირობაა ადამიანის შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად და ა.შ.
რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენი უნდა იყოს რეალურად – აქ თუ ვინმე იტყვის, რომ 2-ჯერ, ან 3-ჯერ მეტი, მანიპულაცია იქნება. იმიტომ, რომ არსებობს დადგენილი სტანდარტები ვინ არის ღარიბი, ღატაკი და ა.შ. მაგალითად, თუ ადამიანს დღეში მინიმუმ 5 დოლარის შემოსავალი არ აქვს (თვეში 150 დოლარი), ის ღარიბ ადამიანად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ, ერთიანი თარგით მიდგომა, არასწორია. სხვადასხვა რეალობა უნდა იყოს გათვალისწინებული“,- ამბობს პაატა აროშიძე.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.
www.bpn.ge




