ისრაელის “უსაფრთხოების კაბინეტმა” დაამტკიცა გადაწყვეტილება19 ახალი დასახლების შექმნის შესახებ ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიაზე – იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რაც – როგორც ეს ქვეყნის ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის თავიდან აცილების მიზნით გაკეთდა.
ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის ოფისის განცხადების თანახმად, ამ გადაწყვეტილებით ბოლო სამი წლის განმავლობაში დამტკიცებული დასახლებების საერთო რაოდენობა 69-მდე გაიზარდა.
ამ ბოლო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა გაეროს განცხადებას, რომ დასავლეთ ნაპირზე ისრაელის დასახლებების გაფართოებამ – ყველა ობიექტი საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოდ ითვლება – 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
„ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმოტრიჩისა და თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის წინადადება იუდეასა და სამარიაში 19 ახალი დასახლების გამოცხადებისა და ოფიციალურად გაფორმების შესახებ დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტის მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც არ არის დაკონკრეტებული, როდის იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
სმოტრიჩი დასახლებების გაფართოების აქტიური მომხრეა და თავადაც ამგვარ დასახლებაში ცხოვრობს.
„ამ ადგილზე ჩვენ წინ აღვუდექით პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას“, – თქვა მან განცხადებაში.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიწის – რომელიც ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობაა – განვითარებას, მშენებლობას და დასახლებას, ჩვენი გზის სამართლიანობის რწმენით“.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიოუ გუტერეშმა ცოტა ხნის წინ დაგმო ის, რასაც მან ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასახლებების „უმოწყალო“ გაფართოება უწოდა.
„ეს აგრძელებს დაძაბულობის გაღვივებას, პალესტინელებისთვის საკუთარ მიწაზე წვდომის შეფერხებას და საფრთხეს უქმნის სრულიად დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ერთიანი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობას“, – განაცხადა მან ამ თვის დასაწყისში.
ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ მოწოდებები გახშირდა, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, კანადამ და ავსტრალიამ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად აღიარეს ასეთი სახელმწიფო, რასაც ისრაელის მხრიდან საყვედური მოჰყვა.
გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ დასახლებების გაფართოებამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია 2017 წლიდან, როდესაც გაერომ ასეთი მონაცემების აღნუსხვა დაიწყო.
„ეს მაჩვენებლები წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა“, – თქვა გუტერეშმა და აღნიშნა, რომ 2017 წლიდან 2022 წლამდე, ყოველწლიურად, საშუალოდ 12 815 საცხოვრებელი ერთეული ემატებოდა.
„მოვლენების ასეთი განვითარება კიდევ უფრო ამყარებს ისრაელის მიერ უკანონო ოკუპაციას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას.“
აღმოსავლეთ იერუსალიმის გარდა, რომელიც 1967 წელს ოკუპირებული და ანექსირებული იყო ისრაელის მიერ, 500 000-ზე მეტი ისრაელელი ცხოვრობს დასავლეთ ნაპირზე, დაახლოებით სამ მილიონ პალესტინელთან ერთად.
სმოტრიჩის ოფისმა განაცხადა, რომ 19 ახლად დამტკიცებული დასახლება მდებარეობს „მაღალსტრატეგიულ“ რაიონებში და დასძინა, რომ ორი მათგანი (განიმი და კადიმი დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთით), რომლებიც ორი ათწლეულის წინ დაიშალა, ხელახლა აღდგება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 19 დასახლებიდან ხუთი უკვე არსებობდა, მაგრამ ისრაელის კანონმდებლობით მას ადრე არ ჰქონდა მინიჭებული იურიდიული სტატუსი.
თუმცა, მოგვიანებით, ისრაელის ხელისუფლებამ ბევრი მათგანი დააკანონა, რაც შიშს აღძრავს ტერიტორიის შესაძლო ანექსიის შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ისრაელი დასავლეთ ნაპირის ანექსიის შესახებ.
„თუ ეს მოხდებოდა, ისრაელი დაკარგავდა შეერთებული შტატების მხრიდან მთელ მხარდაჭერას“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში.
ისრაელს დასავლეთ ნაპირი 1967 წლიდან აქვს ოკუპირებული და იქ ძალადობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბერში, ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ღაზაში ომი დაიწყო.
AFP-ის მონაცემებით, რომელიც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეფუძნება, ისრაელის ჯარისკაცებმა ან ისრაელელმა ახალმოსახლეებმა ღაზაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დასავლეთ ნაპირზე სულ ცოტა, 1027 პალესტინელი მოკლეს – როგორც მებრძოლები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.
ისრაელის მონაცემებით, იმავე პერიოდში დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა თავდასხმების ან ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად, სულ ცოტა, 44 ისრაელელი დაიღუპა.
ფორუმი




