პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
პატიმრებისთვის რიგი წიგნების აკრძალვაზე (შინაარსიდან გამომდინარე) ახალი „რეგულაციები“ დაუწესებიათ. ანუ, პირობითად, პატიმრებმა მხოლოდ პეპლებზე და ჩიტებზე უნდა იკითხონ წიგნები და არ აქვთ უფლება პოლიტიკურად იაზროვნონ, გაეცნონ შესაბამის მხატვრულ თუ დოკუმენტურ ლიტერატურას. ეჭვი მეპარება თუ საერთოდ წაუკითხავთ წიგნები, რომლებიც თვითნებურად აკრძალეს. როგორ ფიქრობთ, ივანე ნანუაშვილის გენიალურ ანტიიმპერიალისტურ წიგნს „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ“ არასასურველ ლიტერატურად ჩათვლიან პატიმარს რომ გავუგზავნო? ვცადო?
კანონით რა ტიპის ლიტერატურაც არის აკრძალული გასაგები და მისაღებია (ექსტრემიზმი, ძალადობის პროპაგანდა, ფაშიზმი და სხვ.), თუმცა სრულებით გაუგებარია პოლიტიკური შინაარსის წიგნების რევიზია და „დაბლოკვა“, როგორც ეს ლაშა ბუღაძის არაჩვეულებრივი დისტოპიური რომანის “დამკვირვებელი” აკრძალვისას ვიხილეთ, მით უფრო მსგავს თვითნებურ ქმედებას არანაირი საკანონმდებლო რეგულაცია არ ითვალისწინებს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა დიდი ხანია გასულია ყველა სამართლებლივი ჩარჩოდან, ცენზურა “ჩართულია” და ამის შედეგები სულ უფრო საშიში ხდება.
ხოდა, დილას პენიტენციური დაწესებულების ცხელ ხაზზე (15 00) დავრეკე. სასიამოვნო ქალბატონმა მიპასუხა, როგორც კი წიგნების შეგზავნის საკითხზე 2-3 კითხვა დავუსვი, თუ რა უნდა გამეთვალისწინებინა პატიმრისთვის სასურველი წიგნების მიწოდებისას, შინაარსიდან და სათაურებიდან გამომდინარე, ზარი გაითიშა. რამდენჯერმე გადავრეკე, თუმცა აღარავინ მიპასუხა. კითხვის დასმაც დაბლოკილია უკვე, არათუ წიგნების კითხვა.
P.S. სხვათა შორის საჯარო უწყების ცხელი ხაზის ზარები ფასიანია. 10 ლარიც ჩამომეჭრა მოლოდინის რეჟიმის დროსაც კი




