FIFA-ს ახალი სიმულატორი ექსკლუზიურად Netflix-ზე ჩაეშვება

FIFA ვიდეოთამაშების სამყაროში ბრუნდება, თუმცა საკმაოდ მოულოდნელი პლატფორმით. Netflix-მა ოფიციალურად დააანონსა, რომ FIFA-ს პირველი სრულფასოვანი საფეხბურთო სიმულატორი ექსკლუზიურად მათ გამომწერებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. თამაშს Delphi Interactive შეიმუშავებს და მისი გამოსვლა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დაემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ FIFA და EA თითქმის 30 წლის განმავლობაში პარტნიორობდნენ, სანამ 2022 წელს მათი გზები არ გაიყო. EA-მ თავისი სერია EA FC-ის სახელით გააგრძელა და ბაზარზე ლიდერობა შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ FIFA გვპირდებოდა „წამყვან გამომცემლებთან და ინვესტორებთან“ მოლაპარაკებებს და 2024 წლისთვის ახალ, მასშტაბურ სიმულატორს აანონსებდა, რეალური კონკურენტი ჯერ არ გამოჩენილა. ბოლო წლებში ორგანიზაცია მხოლოდ მცირე, არკადული ტიპის თამაშებით შემოიფარგლებოდა, როგორებიცაა FIFA Rivals და FIFA Heroes.
საინტერესოა ახალი პროექტის კონცეფციაც. მართალია, Delphi Interactive მას „სიმულატორს“ უწოდებს, თუმცა Netflix-ის განცხადებიდან ჩანს, რომ თამაში არ არის გათვლილი იმ „ჰარდქორ“ აუდიტორიაზე, რომელსაც EA FC იზიდავს. Delphi Interactive-ის ხელმძღვანელის, კასპარ დაუგარდის განმარტებით, მათი მიზანია შექმნან პროდუქტი, რომლის თამაშსაც ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ადგილას შეძლებს და მყისიერად იგრძნობს ფეხბურთის მაგიას.
ინოვაციურია მართვის მექანიზმიც – თამაში კონტროლერად სმარტფონს გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გეიმპლეი, სავარაუდოდ, არ იქნება ზედმეტად რთული ან ტექნიკურად გადატვირთული.
რაც შეეხება თავად დეველოპერს, ეს Delphi Interactive-ისთვის მეორე დიდი პროექტი იქნება IO Interactive-ის 007 First Light-ის შემდეგ. ეს სვლა იდეალურად ეწერება Netflix-ის განახლებულ გეიმინგ-სტრატეგიაშიც. 2025 წლიდან კომპანიამ უარი თქვა ამბიციურ, მაღალბიუჯეტიან პროექტებზე და ფოკუსი უფრო მარტივ, გასართობ და ადაპტირებულ თამაშებზე გადაიტანა. შესაბამისად, FIFA-ს ახალი სიმულატორიც სწორედ ამ „ხელმისაწვდომი გეიმინგის“ ფილოსოფიას გაატარებს.
წყარო: engadget www.marketer.ge