თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სანამ დედაქალაქის მერის თანამდებობას იკავებს, დიღმის საწვრთნელი ბაზა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არ დაინგრევა.
როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნულის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კლუბ „თბილისის დინამოს“ შეძენის არც ინტერესი აქვს და არც შესაძლებლობა:
„დინამოს გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ „დინამო თბილისი“ შევიძინო, უბრალოდ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ან ვერ გაკეთდეს.
არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. მარტო შეძენა ხომ არ არის. ამას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რომ ყველაფერი გამართული იყოს. მე მხედველობაში მაქვს, რომ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც „ჩემპიონთა ლიგაზე“ ითამაშებს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს „თბილისის დინამო“, მე უბრალოდ ამას ვერ და არ გავაკეთებ, რომ გუნდი იმავე მდგომარეობაში მყავდეს. მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ ასევე ისაუბრა იმ განცხადებების შესახებაც, რომელიც დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევის შესახებ გაკეთდა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია:
„საუბარი იყო დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევაზე და კორპუსების მშენებლობაზე. ეს უბრალოდ გამაოგნებელია. მე მოვისმინე განცხადება სოციალურ ქსელში. ვოვა გუცაევს უდიდეს პატივს ვცემ თავისი წარსულიდან გამომდინარე, უდიდესი ფეხბურთელი იყო. უბრალოდ ეს დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და რომელსაც შვილივით გაფრთხილება სჭირდება, აბსოლუტურად გაუგებარია.
მე პირდაპირ ვიტყვი, სანამ დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ ის სიამაყე, რაც გააჩნია ქართულ ფეხბურთს – დიღმის საწვრთნელი ბაზის სახით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაინგრეს. ამას არასდროს გავაკეთებ. ამ ადგილმა უამრავი უნიჭიერესი თაობა გამოზარდა. მისი დანგრევა კატეგორიულად მიუღებელია. არავის ვურჩევ, რომ ამ ბაზაზე ხელი ასწიოს და მისი დანგრევა მოახდინოს. თუ ვინმეს ახალი ბაზის აშენება უნდა, ამაში ვინ ზღუდავს? უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, სადაც ამის გაკეთება შეიძლება. ეს ბაზა კი არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა თბილისის მერმა.
„თბილისის დინამოს“ მფლობელმა რომან ფიფიამ „შაბათის ფორმულასთან“ განაცხადა, რომ მზადაა კლუბის 50%-იანი წილი ახალ ინვესტორს გადასცეს იმ პირობით, რომ კლუბის დაფინანსება იყოს სტაბილური. ფიფიას თქმით, მას გუნდის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის საკმარისი სახსრები არ აქვს და ინვესტორს ბაზის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურის გაშენებას სთავაზობს:
„შეიძლება აქ პატარა საუნივერსიტეტო ქალაქი გაკეთდეს. ამას სჭირდება სათანადო თანხები. ეს ტერიტორია ყველაფერს ეყოფა. სოციალური პროექტი რომ ვთქვათ,“ — თქვა რომან ფიფიამ „შაბათის ფორმულასთან“.
სიუჟეტში კომენტარი ასევე გააკეთა ვეტერანმა დინამოელმა ვლადიმერ გუცაევმა, რომელმაც განაცხადა, რომ დაუშვებელია ბაზიდან ასე ახლოს კორპუსები იყოს აშენებული და ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა, სახელმწიფოს კლუბისთვის გადაეცა მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი ბაზის აშენება იქნებოდა შესაძლებელი:
„ბაზა რომ მთავრდება, იქიდან 5 მეტრში ამხელა სახლები ააშენო იქ, რა თქმა უნდა, არ არსებობს, რომ საფეხბურთო ბაზა იყოს. ერთი გამოსავალია, რომ მთავრობა დაეხმაროს და მისცეს სადღაც მიწა ქალაქგარეთ, სადაც აშენდება ახალი ბაზა და იქნება რეალურად კარგი. სად იქნება თბილისის დინამოს ბაზა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს როგორი ფუნქციური იქნება, როგორ იმუშავებს,“ — თქვა ვლადიმერ გუცაევმა „შაბათის ფორმულასთან“.
„შაბათის ფორმულასთან“ რომან ფიფიამ ასევე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, რომ კახა კალაძე „დინამოში“ არსებული ვითარებით, მათ შორის ფინანსური ასპექტით ინტერესდებოდა. ფიფიას თქმით, დედაქალაქის მერს ასევე ჰქონდა ინფორმაცია „დინამოს“ ბაზასთან მშენებარე ობიექტებზეც.