მერკოსურის ქვეყნებთან, ანუ წამყვან სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოებთან სავაჭრო შეთანხმების დადება იანვრის მეორე ნახევრამდე გადაიდო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
შეთანხმების არსებული რედაქცია არ მოსწონთ იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. მათი აზრით, დოკუმენტი ევროპელი ფერმერების ინტერესებს საკმარისად ვერ იცავს, რადგან სამხრეთ ამერიკულ აგრარულ ინდუსტრიებს ევროკავშირისთვის შესაბამისი რეგულაციების დაკმაყოფილებას სრულყოფილად არ ავალდებულებს. მათივე აზრით, ევროპულ ბაზარზე სამხრეთ ამერიკული პროდუქცია გაცილებით იაფად შევიდოდა, რაც ადგილობრივი ფერმერების კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბრაზილიურ ძროხის ხორცსა და ფრინველის ხორც-პროდუქტებზე.
იტალიისა და საფრანგეთის პოზიციას კი გარკვეულწილად პოლონელი, უნგრელი და ესპანელი ლიდერებიც იზიარებენ.
მერკოსურის ქვეყნებთან შეთანხმების დადებას მხარს გერმანია და ნორდიკული სახელმწიფოები უჭერდნენ მხარს.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ იტალიასა და საფრანგეთს პოზიციების ჩამოყალიბებისთვის დროს მისცემს და გარიგების გადავადებას მხარს დაუჭერს. მანამდე ლულა ამბობდა, რომ თუ სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება გადავადდებოდა, ის განახლებულ დოკუმენტს საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, 2027 წლამდე ხელს აღარ მოაწერდა.




