დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაგზავნილი შიდა მოხმარების შეტყობინების სათაურია „ტრადიციებს ვუბრუნდებით: 14 ზომის შრიფტი „თაიმს ნიუ რომანი“ (Times New Roman) დეპარტამენტის ყველა დოკუმენტისთვის სავალდებულოა“. ამ გზავნილით, რომელსაც მარკო რუბიო აწერს ხელს, დემოკრატების ტიპოგრაფიული პოლიტიკა დასრულებულად ცხადდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, შრიფტი „თაიმს ნიუ რომანი“ „უფრო ოფიციალური და პროფესიონალურია“. რუბიო მიიჩნევს, რომ მეტი მრავალფეროვნებისთვის შრიფტ „კალიბრის“ (Calibri) გამოყენება „საჭირო არ არის“.
თავის დროზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ არჩევანი „კალიბრიზე“ შეაჩერა – შრიფტზე, რომელიც ნიდერლანდელმა ტიპოგრაფმა, ლუკას დე გროტმა Microsoft-ისთვის შექმნა. ის „თაიმს ნიუ რომანზე“ უფრო მარტივად გამოსაყენებლად მიიჩნევა, რადგან ასოებს უფრო მომრგვალებული კუთხეები აქვს, არ გააჩნია სერიფები (კბილანები) და სიმბოლოებს შორის მეტი დაშორებაა, რაც დისლექსიის ან მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის კითხვას აადვილებს.
ეს გადაწყვეტილება 2023 წლის იანვრით თარიღდება, როდესაც საგარეო უწყებას ენტონი ბლინკენი ხელმძღვანელობდა. ბლინკენის განკარგულება მრავალფეროვნებისა, თანასწორობისა და ინკლუზიურობის (DEI) პოლიტიკას ეფუძნებოდა.
„DEI-ს ერა დასრულდა“, – დაწერა მარკო რუბიომ X-პლატფორმაზე. „ეს იყო დამანგრეველი პოლიტიკა, რომელიც დღევანდელ ადმინისტრაციასა და ქვეყანას წინა ხელისუფლებამ მოახვია თავს. მის ნაცვლად, ჩვენ ვამკვიდრებთ სრულყოფილებას, რაც კარგია ჩვენი თანამშრომლებისა და ქვეყნისთვის“, – დასძინა მან.
აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ თავსმოხვეული ეს ტიპოგრაფიული ცვლილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მრავალფეროვნების პოლიტიკის წინააღმდეგ წამოწყებული შეტევის ნაწილია. ეს შეტევა თეთრ სახლში მისი დაბრუნების პირველივე დღეს დაიწყო. მაშინ რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ფედერალურ მთავრობაში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის (DEI) პროგრამები და პოლიტიკა „უკანონოდ“ გამოცხადდა.
„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, „ტიპოგრაფიული ცვლილება ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო ქმედებაა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას ემსახურება“. ამერიკულ გაზეთთან ინტერვიუში, სირაკუზის უნივერსიტეტის შეზღუდული შესაძლებლობისა და ინკლუზიის ცენტრის დირექტორი, კრისტინ ეშბი ამბობს, რომ ეს ცვლილება „ასახავს ზოგად ტენდენციას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების იგნორირებაში გამოიხატება“.
ბელგიაში „ბრაილის ლიგამ“ (Ligue Braille) შრიფტ „თაიმს ნიუ რომანზე“ დიდი ხნის წინ თქვა უარი იგივე მიზეზების გამო, რამაც ბაიდენის ადმინისტრაციას „კალიბრის“ არჩევისკენ უბიძგა. „როდესაც ხსნით „ვორდის“ დოკუმენტს, იქ უამრავი განსხვავებული შრიფტია. ისინი კლასიფიცირდება, როგორც სერიფული (serif) ან უსერიფო (sans serif) შრიფტები. სერიფი ინგლისურად ნიშნავს შრიფტს კბილანებით. „თაიმს ნიუ რომანი“ არის სერიფული შრიფტი, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, გარკვეული ასოების ბოლოებში არის პატარა დეკორატიული შტრიხები, რაც მხედველობადაქვეითებულთათვის ძალიან ართულებს გარჩევას“, – განმარტავს „ბრაილის ლიგის“ ტრანსკრიფციის განყოფილების ხელმძღვანელი, ტიბო ფოგელი.
„სხვა შრიფტები, როგორიცაა, მაგალითად, „კალიბრი“, პირიქით – არის უსერიფო. ეს შრიფტები მაქსიმალურად გამარტივებულია, რათა სიმბოლოები, ასოები და რიცხვები რაც შეიძლება ადვილად წასაკითხი იყოს“, – განაგრძობს ფოგელი.
სერიფები არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომ შრიფტი ინკლუზიურად და უკეთ გასარჩევად ჩაითვალოს; ასევე მნიშვნელოვანია ასოებს შორის დაშორება. „ასოებს შორის საჭიროა მცირე სივრცე, რათა თავად ასოები ერთმანეთს ზედმეტად არ მიეწებოს და სიტყვები არ გადაებას. „თაიმს ნიუ რომანი“, ფაქტობრივად, საერთოდ არ არის ინკლუზიური შრიფტი“, – დასძენს „ბრაილის ლიგის“ ტრანსკრიფციის განყოფილების ხელმძღვანელი.
თავად „ბრაილის ლიგამ“ სხვა უსერიფო შრიფტი, Luciole ირჩია, რომელიც მხედველობადაქვეითებულთათვის სპეციალურად შეიქმნა. მას დამატებითი უპირატესობა აქვს – ჩამოტვირთვა უფასოა. ამჟამად Luciole-ს დაახლოებით ოცი სპეციალიზებული გამომცემელი და მხედველობის დარღვევის სფეროში მოღვაწე ასობით პროფესიონალი იყენებს.
წყარო: 1 არხი


