მანანა ხვედელიძე: წარმატებული კონცერტი მინდა მივულოცო ირმა გიგანს, თანამედროვე ეროვნული საშემსრულებლო სკოლის მართლაც თვითმყოფად, საინტერესო წარმომადგენელს (ვიდეო)

მუსიკოლოგი, მანანა ხვედელიძე:
ეს-ესაა დავბრუნდი აკადემიური შინაარსით დატვირთული აკადემიური საღამოდან, რომელიც გვთავაზობს კონცერტების სერიას, სახელწოდებით „ კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“. ქალბატონი ელისო ვირსალაძის სახელს ატარებს ეს წამოწყებაც და მასში მონაწილე მუსიკოს-შემსრულებლებს აკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, სავსედ წარმოჩინდნენ თანამედროვე ქართველი, ბრწყინვალე მუსიკოსის ინიციატივით შექმნილ პროექტში.
ამთავითვე აღვნიშნავ, რომ მოახლოებულ, ყველაზე სახალხო და სიხარულით სავსე დღესასწაულის მოლოდინში სწორედ ამგვარი შინაარსის საღამო გიქმნის დღესასწაულის და ჯადოსნური სამყაროს კარიბჭესთან მიახლოების რეალურ განცდას.
მოსწავლე ახალგაზრდობის სარკეებიან დარბაზში (ეს დარბაზი თავად ჯადოსნური, ზღაპრული გარემოა) შავი საკონცერტო როიალი „ბეჰშტაინი“ და ჩვენ, მიწვეული საზოგადოება მოუთმენლად ველოდით ახალგაზრდა, ნიჭიერი, შემდგარი პროფესიონალი პიანისტის გამოჩენას.
ირმა გიგანის სრულად ადრეულ ასაკში წარმოჩენილი ნიჭიერება, მუსიკალობა მუდამ მაოცებდა და აღმაფრთოვანებდა, „გამადიდებელი ლუპით“ ვადევნებდი თვალს და ყურს ცისფერთვალება ფერიის პროფესიულ ზრდას. დამეთანმებით, ისტორია ინახავს არაერთი ვუნდერკინდის მომავალში არც თუ წარმატებული კარიერაზე ფაქტებს. ამიტომ, ასეთი არასასურველი გამოცდილება კიდევ უფრო მიმძაფრებდა ირმას პროფესიული ზრდისადმი ინტერესს.
ირმა გიგანის სწორად, მიზნობრივად დაგეგმილმა პროფესიული სრულყოფილებისკენ მიმართულმა საგანგებო განათლებამ უხვად შესძინა პიანისტს დამაჯერებლობა, ჩვენი დროის გაჯერებულ საშემსრულებლო სივრცეში საკუთარი, დასამახსსოვრებელი ხმოვანების და სამუსიკო ლიტერატურასთან, თან მოწიწებული და ამავდრულად საკუთარი ინტერპრეტაციის შექმნის უტყუარი ალღო, უნარი.
ახალგაზრდა პიანისტის მიერ შემოთავაზებული გააზრებულად აგებული საკონცერტო პროგრამა საუკეთესო მაგალითი იყო, სადაც ეპოქების სტილისტური პოლიფონია არა თუ არ დარღვეულა, არამედ, პირიქით, გაერთიანდა თანმიმდევრულ მხატვრულ შინაარსში.
დომენიკო სკარლატის ექვსი სონატა საღამოს ერთგვარ პროლოგს წარმოადგენდა. შემსრულებელმა გამოავლინა ბაროკოს სტილისა და კლავესინის ხმოვანების მაგვარი ჟღერადობის დახვეწილი გრძნობა, თავი აარიდა როგორც ზედმეტ რომანტიზმს, ასევე მშრალ აკადემიზმს. ზუსტი არტიკულაცია, მკაფიო ტექსტურა და ცეკვის იმპულსის მეშვეობით ფრაზირების აგების უნარი ამ მინიატურებს სიცოცხლითა და შინაგანი სუნთქვით ავსებდა. განსაკუთრებით ღირებული იყო ფორმის შეგრძნება – თითოეული სონატა აღიქმებოდა, როგორც დასრულებული მხატვრული სახე, პერსონაჟი და არა როგორც ნაწარმოებების მექანიკური თანმიმდევრობა. პიანისტი „ხედნიდა ბეჰშტაინს“, რათა ეპოქის სურნელი შემოეტანა ჟღერადობაში. დავძენ, რომ დარბაზის მიმზიდველი გარეგნობის მიუხედავად, პიანისტის სწორად მოძებნილი ობერტობენები სრულფასოვნად მაინც არ აღწევდა მსმენელამდე. ( თბილისში სწორი აკუსიტიკის მატარებელი დარბაზების უქონლობა, სიმწირე ჩვენი დროის „აქილევსის ქუსლის“ ტოლი პრობლემაა).
მორის რაველის „პავანამ მკვდარი ინფანტასთვის“ ( Pavane pour une infante défunte) პროგრამის სტილისტური გარდამტეხის როლი მოირგო. აქ პიანისტმა აჩვენა ჟღერადობის განსხვავებული ხარისხი: რბილი, ხავერდოვანი ლეგატო, „დახვეწილი პედლები“ და იშვიათი უნარი, შეენარჩუნებინა ნელი ტემპი, მაგრამ არა შინაგანი დაძაბულობის დაკარგვის ხარჯზე!!!. მუსიკა არა ელეგიურ დეკორაციას, არამედ ღრმად ინტიმურ მოგონებას ჰგავდა, რომელიც კეთილშობილი თავშეკავებითა და თითქმის ვოკალური კანტილენით იყო გაჟღენთილი.
საღამოს ცენტრალური ნაწილი იყო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატა N31, ლა ბემოლ მაჟორში, თხზ. 110 – ნაწარმოები, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკურ სიმწიფეს, არამედ ფილოსოფიურ სიღრმესაც მოითხოვს. შემსრულებელმა დამაჯერებლად ააგო სონატის დრამატურგია: პირველი მოძრაობის კაშკაშა, თითქმის კამერული სიმარტივიდან ტრაგიკულ შესვენებამდე და ფუგის შემდგომ კათარზისამდე. აქ სავსედ წარმოჩინდა მუსიკოსის აზროვნების სიღრმე, სიმწიფე, დრამატურგიული უწყვეტი ხაზის შექმნის ბუნებრიობა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი უნარი, გადმოეცა ბეთჰოვენის „საუბარი“ – ინტონაცია, სადაც ყოველი ფრაზა მნიშვნელოვან გზავნილს ატარებს. ფუგა, არა პოლიფონიური ოსტატობის დემონსტრირება იყო, არამედ სულიერი ტრანსცენდენტულობის აქტს ჰგავდა. ეს ფრაგმენდი განსაკუთრებით საგულისმო და მიმზიდველი იყო ჩემთვის.
ალექსანდრ სკრიაბინის ეტიუდები კონცერტის ლოგიკურ ეპილოგს წარმოადგენდა. მასში პიანისტმა აჩვენა რომანტიზმის თავისუფალი დინება, ავტორის სამეტყველო ენის დახვეწილი გრძნობა და მაინც, ფარული შინაგანი ცეცხლი, რომელიც დაცლილი იყო პლაკატურობისგან. სკრიაბინის შესრულება იყო სრულყოფილი და პოეტური.
წარმატებული კონცერტი მინდა მივულოცო ირმა გიგანს, თანამედროვე ეროვნული საშემსრულებლო სკოლის მართლაც თვითმყოფად, საინტერესო წარმომადგენელს.
კონცერტმა ახალგაზრდა მუსიკოსისთვის სტილისტური აზროვნების, ინტელექტუალური სიმწიფისა და გულწრფელი ემოციური ჩართულობის იშვიათი კომბინაცია შემოგვთავაზა. ჩვენს წინაშეა პიანისტი, რომელიც, არა მხოლოდ თავდაჯერებული ტექნიკური აპარატითაა აღჭურვილი, არამედ გამორჩეული მხატვრული აზროვნებით , რაც მისი მომავალი შემოქმედებითი განვითარების თვალყურის დევნების სურვილს მიმძაფრებს.
გულწრფელად გილოცავ ირმა წარმატებულ კონცერტს და გულითად მადლიერებას გამოვხატავ წინასაახალწლოდ, მშვენიერი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებისა და ემოციისთვის.
გმადლობ…