ისნის რაიონში 2025 წელს განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 32 611 340 ლარი დაიხარჯა – თბილისის მერია

ისნის რაიონის გამგებელმა აკაკი ხლაბუსტოვმა მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა 2025 წლის მნიშვნელოვან პროექტებსა და მომავალი წლის გეგმებზე.
ანგარიშის წარდგენას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
როგორც აღინიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურა 80 მისამართზე, სულ 88 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, მათ შორის ოდისეი დიმიტრიადისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა წყლის მილები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ახალი ლედ განათების ქსელი, მიწისქვეშ განთავსდა გაზის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის სადენები. 3000 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი.
205 მისამართზე განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო, როგორიცაა გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა, მცენარეების სხვლა-ფორმირება, სკვერებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენა და სხვა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, წლის განმავლობაში 12 სპორტული მოედანი განახლდა.
მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა დასასვენებელი და მწვანე სივრცეების მოწყობის კუთხით. კერძოდ, 24 მისამართზე რეაბილიტირდა სკვერები და საბავშვო მოედნები. მათ შორის 2 300 კვ.მ ფართობზე განახლდა ნოე რამიშვილის ქუჩაზე, N22-26-ის მიმდებარედ არსებული სკვერი, სადაც მოეწყო საბავშვო და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა განათების ქსელი ლედ სანათებით, ასევე მოეწყო მინი ფეხბურთის მოედანი და ველობილიკი.
წლის განმავლობაში, ისნის გამგეობის ორგანიზებით, 12 კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიება გაიმართა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 255 პროექტი განხორციელდა, მათ შორის 73 ლიფტის, 57 მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავის და 31 მისამართზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა.
გამგეობის ანგარიშის პრეზენტაციას, ასევე პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, საკრებულოს დეპუტატები დავით ხაბეიშვილი, კახა ლაბუჩიძე, ბექა მენთეშაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და რაიონის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს