„დინამო თბილისის” პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადებას საფეხბურთო კლუბის საწვრთნელი ბაზის ადგილზე მცირე საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების შესახებ, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სანამ მერის თანამდებობა უკავია, ბაზის დანგრევის გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
„დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, გაუგებარია. სანამ მე დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. საწვრთნელი ბაზის დანგრევა მიუღებელია. არასდროს გავაკეთებ ამას და არავის ვურჩევდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ხელი აწიოს და დაანგრიოს. თუ ვინმეს ახალი ბაზა უნდა, ვინ ზღუდავს?! უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, რომ ახალი საწვრთნელი ბაზა გაკეთდეს. ეს [ამჟამინდელი ბაზა] ისტორიაა, რომელიც ქვეყანას უნდა დარჩეს“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
თბილისის მერი ასევე ამბობს, რომ „დინამო თბილისის” შეძენით დაინტერესებული არ არის.
„დინამოს“ გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი, ჩემი წარმატება ამ გუნდიდან დაიწყო. მე არ მაქვს იმის ინტერესი, რომ „დინამო“ შევიძინო. ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შესაძლოა, რაღაც იყიდო, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ გამართული იყოს. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაიმეს ხელს ვკიდებ, მაქსიმალურად მინდა, საუკეთესოდ გაკეთდეს. არ გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, შესაძლოა, პრობლემური იყოს. არანაირი მოლაპარაკების ეტაპი არ ყოფილა. მე არ მაქვს ის ფინანსური შესაძლებლობა, რომ კლუბი შევიძინო. მას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რათა გამართული იყოს, ისეთი გუნდი გაკეთდეს, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს „დინამო“, არ და ვერ გავაკეთებ, რომ იგივე მდგომარეობაში მყავდეს”, – თქვა კახა კალაძემ.
რომან ფიფია უკმაყოფილოა იმით, რომ ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელი ბაზის მომიჯნავედ, თბილისის მერიის ნებართვით აშენდა და შენდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები. ფიფიას განცხადებით, ეს ხელს უშლის ფეხბურთელებისთვის მყუდრო გარემოს შექმნას. ამიტომ, ის საფეხბურთო კლუბის ახალი ბაზის მშენებლობის საჭიროებაზე საუბრობს. მან იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის მერია დაეხმარება.
8 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში რომან ფიფიამ აღნიშნა: „უკვე რამდენიმე წელია დინამოს ბაზის გარშემო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ფაქტი დღითი-დღე ართულებს კლუბის ყოველდღიურობას და ხელს გვიშლის მოთამაშეებს შევუქმნათ მყუდრო და კომფორტული გარემო. ყველანაირად ვეცდებით, დინამო თბილისი ახალ ლოკაციაზე გადავიდეს, სადაც დინამოელებს იდეალურ პირობებს შევუქმნით. საუბარია ახალ საწვრთნელ ცენტრზე, რომელიც ათამდე უმაღლესი ხარისხის მინდორს მოიცავს. აქვე განთავსდება ჩვენი აკადემია, რომელიც 1000-ზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს. ვფიქრობ, რომ პირველი გუნდისა და აკადემიის ერთ სივრცეში გაერთიანება, როგორც ეს ბევრ უმაღლესი დონის ევროპულ კლუბში ხდება, ძალიან დაგვეხმარება ჩვენი მოთამაშეები კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვავითაროთ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, ქალაქ თბილისის მერიის დახმარებაც დაგვჭირდება. შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ ქალაქის მმართველი ორგანო ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება”.
საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის საკითხზე კი ფიფიამ ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში ილაპარაკა. „იქნება მომგებიანი, შეიძლება აქ [ბაზის ადგილზე] უნივერსიტეტის პატარა ქალაქი გაკეთდეს, ამას სჭირდება სათანადო თანხები, ეს ტერიტორია ყველაფერს ეყოფა. სოციალური პროექტი რომ ვთქვათ”, – აღნიშნა ფიფიამ.
კლუბის პრეზიდენტი თანახმაა, რომ „დინამო თბილისის” 50%-იანი წილი გაყიდოს და პოტენციური ინვესტორისგან მოელის სტაბილურ დაფინანსებას და ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანხის დაბანდებას. „დღევანდელ ვითარებაში მე მარტო მიმძიმს ამ ტვირთის ტარება… ინვესტორს, პირველ რიგში, ვთავაზობ ახალი ინფრასტრუქტურის გაშენებას, ეს არის მთავარი. ეს პატარა თანხა არ არის, დაახლოებით 20 მილიონ დოლარამდეა“, – თქვა მან.
ფიფიამ „ფორმულასთან” ინტერვიუში კალაძის შესახებაც ილაპარაკა: „ვიცი, რომ [კახა კალაძე] ინტერესდება „დინამოში“ დღეს არსებული პრობლემებით, მათ შორის – ფინანსურით. საქმის კურსში არის. როდესაც ჩვენ ვხვდებით სადღაც ფეხბურთზე, იქ ვცვლით ინფორმაციას. მაქვს ნათქვამი, მათ შორის, ამ მშენებარე ობიექტზე [ბაზის გვერდით]”.
რაც შეეხება პოტენციურ ინვესტორს, რომან ფიფია აცხადებს: „ორი ხმა მოვიდა ჩემთან [საქართველოდან], მაგრამ მაგის იქით არ გადადგმულა ნაბიჯი“. ის კონკრეტულ სუბიექტებს არ ასახელებს.
ფიფია უცხოელ ინვესტორთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას. „მივაღწიეთ ერთ კომპანიასთან გარკვეულ შეთანხმებას, თუმცა გზადაგზა გამოჩნდა კიდევ ერთი დიდი, ასე რომ ვთქვათ, ინგლისური კომპანია, რომლის მოლოდინშიც ვიმყოფებით“.
„დინამო თბილისის” გაყიდვის სურვილზე რომან ფიფიამ პირველად 2022 წლის ივლისში განაცხადა. „იმ მიზნების მისაღწევად, რაც „დინამო თბილისს”, მის ისტორიას და გულშემატკივარს შეეფერება, ამ ეტაპზე ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია”, – აცხადებდა კლუბის პრეზიდენტი, თუმცა მან კლუბის წილის გაყიდვა დღემდე ვერ შეძლო.