ინგა ფხალაძემ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა – რა საკითხები განიხილეს?

ინგა ფხალაძემ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა – რა საკითხები განიხილეს?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალის 23-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიის ქალაქ ვენაში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველო აღნიშნული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.
მინისტერიალის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ინგა ფხალაძის თქმით, საქართველო არის და დარჩება ევროპის სანდო და თანასწორი პარტნიორი, მათ შორის, რეგიონული ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლითაც საქართველო ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას დაუკავშირდება. აგრეთვე მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე, რომლის განვითარებაში საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთია ჩართული. ინგა ფხალაძემ დადებითად შეაფასა ევროკომისიის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მინიჭება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ენერგოეფექტურობის ამაღლება და განახლებადი ენერგეტიკის განვითარება ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებია. ინგა ფხალაძის თქმით, საქართველო ახორციელებს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას, კერძოდ, მიღებულ იქნა კანონქვემდებარე აქტები ენერგოეფექტურობის ამაღლების კუთხით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებებზე განახლებადი ენერგეტიკის კანონში.
„საქართველოსთვის თავმჯდომარეობის ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ჩართულობისა და ღია დიალოგის მნიშვნელობა. ჩვენ ყველა პარტნიორთან კონსტრუქციული ურთიერთობის ერთგული დავრჩით, შევინარჩუნეთ სრული მზადყოფნა უმაღლეს დონეზე აქტიური მონაწილეობისთვის და ჩვენი ქმედებებით დავამტკიცეთ, რომ საქართველო საკუთარ თავს საიმედო და თანასწორ პარტნიორად განიხილავს. გვჯერა, რომ უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა აუცილებელია ურთიერთნდობისა და გაგების გასაძლიერებლად,“ – აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მინისტერიალის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორ არტურ ლორკოვსკისთან, ასევე სხვა ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს