რევაზ სოხაძემ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა – რაზე ისაუბრეს?

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ინიციატივით, ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა, სექტორში არსებული გამოწვევების შეფასება და სახელმწიფო-კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები.
ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგობიანმა აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარი ამოცანაა წლის შედეგების შეჯამება და სამომავლო გეგმებზე ღია საუბარი. მისი თქმით, 2025 წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით რამდენიმე მილიარდი ლარის ინვესტირება იგეგმება, რაც სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხარისხის სტანდარტების მკაცრ დაცვაზე, გამჭვირვალე პროცესებსა და ეფექტიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, ყველა პროექტი ეფუძნება ერთ ძირითად პრინციპს — სამუშაოების შესრულებას ხარისხისა და ვადების მკაცრი დაცვით, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, თანაბარი მოთხოვნებით როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების მიმართ.
რევაზ სოხაძის თქმით, სამინისტრო სამშენებლო კომპანიებს განიხილავს პარტნიორებად და მათთან მუდმივი და აქტიური კომუნიკაცია წარმატებული პროექტების წინაპირობაა.
„თქვენი სიძლიერე ჩვენი საერთო წარმატების მთავარი საფუძველია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ თქვენი პოტენციალის სრულად რეალიზებას,“ — განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული საგზაო მშენებლობის ტენდერების ნაწილშიც — შემცირებულია გამოცდილების მოთხოვნები, დაიყო ლოტები და გადაიხედა სატენდერო პირობები, რათა ადგილობრივ კომპანიებს რეალური შესაძლებლობა ჰქონდეთ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.
მინისტრმა ასევე ისაუბრა უახლოეს პერიოდში დაგეგმილ საგზაო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის პროექტებზე, მშენებლებს გააცნო სამინისტროში მიმდინარე ცვლილებები პროექტების მომზადებისა და დაგეგმვის ახალ მიდგომებთან დაკავშირებით და გამოთქვა იმედი, რომ მომავალი წლიდან სექტორის აქტიურობა კიდევ უფრო გაიზრდება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს