ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები „ისრაელის არალეგიტიმურად მიზანში ამოღების“ გამო, სანქციები
დაუწესა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ქართველ მოსამართლეს, გოჩა ლორთქიფანიძეს.
შეერთებულმა შტატებმა ასევე დაასანქცირა მოსამართლე მონღოლეთიდან ერდენებალსურენ დამდინი.
„ეს პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ ICC-ის მცდელობებში, ისრაელის თანხმობის გარეშე გამოეძიებინათ, დაეპატიმრებინათ, დაეკავებინათ ან სისხლისსამართლებრივი დევნა განეხორციელებინათ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, 15 დეკემბერს ისრაელის სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ ხმის მიცემით. ICC კვლავ განაგრძობს ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიზებულ ქმედებებს, რაც საშიშ პრეცედენტს ქმნის ყველა სახელმწიფოსთვის. ჩვენ არ შევეგუებით ICC-ის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არღვევს შეერთებული შტატებისა და ისრაელის სუვერენიტეტს და აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეებს უკანონოდ აქცევს ICC-ის იურისდიქციის ქვეშ“, — ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაში.
შეერთებული შტატები და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის მხარეები და არ აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას.
„ჩვენ გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი და ხელშესახები ზომებით რეაგირებას ICC-ის „სამართლებრივ ომსა“ და უფლებამოსილების გადამეტებაზე“, — აცხადებს რუბიო.
2025 წლის 15 დეკემბერს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ არ დააკმაყოფლა ისრაელის სააპელაციო საჩივარი, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდგომ განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა „ახალ გარემოებას“, რის გამოც პროკურორს ვალდებულება ჰქონდა, ხელახლა ეცნობებინა ისრაელისთვის გამოძიების დაწყების შესახებ და ბათილად ეცნო ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის წინააღმდეგ გაცემული დაპატიმრების ორდერები.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC), ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტის დაკავების ორდერები 2024 წლის ნოემბერში გამოსცა. მანამდე სამი წლის განმავლობაში იძიებდა ისრაელისა და „ჰამასის“ ქმედებებს.
ICC-მ ასევე გამოსცა „ჰამასის“ სამხედრო მეთაურ მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერი, თუმცა ისრაელის თანახმად, ის 2024 წლის ივლისში ღაზაში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ისრაელი, ისევე როგორც მისი მთავარი მოკავშირე აშშ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, თუმცა მისი იურისდიქცია ვრცელდება ღაზის სექტორსა და აღმოსავლეთ იერუსალიმზე, ისევე, როგორც დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ, რაც პალესტინელი ლიდერები ფორმალურად დათანხმდნენ სასამართლოს პრინციპებს 2015 წელს.




