ჯაფარიძე: ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, ეს ქვეყანა ვერ გარუსდება, გამორიცხულია

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ციხის დატოვების შემდეგ სახლში მივიდა, სადაც ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები დახვდნენ.

როგორც მედიასთან საუბრისას ჯაფარიძემ თქვა, დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდება.
რაც შეეხება გეგმებს, მისი თქმით, გარკვეული იდეები აქვს, თუმაც ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

“დაახლოებით ვართ მიჯნაზე, რომ ვიყოთ ჩეჩნეთისმაგვარი წარმონაქმნი. ეს აღარაა დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ აღარგვაქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა,ამ ქვეყანას თავიდან ბოლომდე მართავს . ის ეტაპი, როცა ჯერ კიდევ რეჟიმი მალავდა თავის რეალურ სახეს, ეს ეტაპიც გადავლილია. გასაგები რომ იყოს, რას ვგულისხმობ – რამდენიმე წლის წინ რომ გეჩვენებინათ ეთერში, რომ ვიღაცას 7 მილიონი უდევს სახლში, ამაზე იქნებოდა სხვა ამბავი. ახლა ისინი არიან გათავხედებულები ისე, რომ აღარ ადარდებთ. ღიად გაჩვენებენ თავიანთ სასახლეებს, მილიონებს. ეგ არის ჩეჩნეთი. მანამდე თუ ერიდებოდათ, რომ ეჩვენებინათ, ახლა თავხედურად გაჩვენებენ, რომ ჩვენ ასე ვცხოვრობთ და თქვენ თუ ხმას ამოიღებთ, დაგლეწავთ და არავინ არ დაისჯდება. ეს არის ჩეჩნეთი. მანდ ვართ ახლა.

ვინმეს გჯერათ, რომ თბილისიდან შეიძლება, აშხაბადი გამოვიდეს? არ გამოვა. თბილისიდან აშხაბადი რუსებმა ვერ გააკეთეს ერთი საუკუნის წინ, როცა გადააუთავეს ეს ქვეყანა და გაჟლიტეს ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი. ნებისმიერ შემთხვევაში ამათმა როგორც არ უნდა იწვალონ, ეს იქნება აშხაბადის კიჩი. სასაცილოები იქნებიან. იქ ვიღაცები რომ ზიან, ისინი მართლა დიქტატორები არიან და ვინ ჩემი ფეხებია? იმათთანაც კი სასაცილოა.

რუსთაველზე დღეს საღამოს ვაპირებ გასვლას… ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს გზა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ეს გზა ისეთი რთული, რაც ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა, ვინც აქ ვცხოვრობთ, გამოვიარეთ ერთი საუკუნის წინ რუსების ხელში. გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ ვინ ფიქრობდა, რომ მარტივი იქნებოდა? ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მოვიგებთ. როგორც თბილისი არ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება, არ გარუსდება, გამორიცხულია” – თქვა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ რუსთავის ციხე 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.