გასული წლის ბოლო სამ თვეში, რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 971 პირზე გაიცა

გასული წლის ბოლო სამ თვეში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 971 პირზე გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში რეადმისიის სულ 978 განცხადებაა განხილული, საიდანაც 971-ზე თანხმობა გაიცა, 7-ზე კი – უარი.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 565 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (166); საბერძნეთი (38); პოლონეთი (37); იტალია (2); შვეიცარია (25); ესპანეთი (17).
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.

ასევე დაგაინტერესებთ