ვერცხლის ფასმა სპოტურ ბაზარზე ახალ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და უნციაზე 65 დოლარს გადააჭარბა, ოქროს ფასიც იზრდება.
ძვირფასი ლითონების ფასების ზრდას ხელს უწყობს აშშ-ის შრომის ბაზრის შესუსტების მტკიცებულებები, რამაც გააძლიერა ტრეიდერების მოლოდინი, რომ ფედერალური რეზერვი მომავალ წელს საბაზისო საპროცენტო განაკვეთს ერთზე მეტჯერ შეამცირებს – წერს მედია.
აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყნის ეკონომიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა ნოემბერში 64 000-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები, რომელთა კონსენსუსის პროგნოზსაც Trading Economics ციტირებდა, 50 000-ით ზრდას ელოდნენ. ოქტომბერში სამუშაო ადგილების რაოდენობა 105 000-ით შემცირდა, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი კლება იყო. ნოემბერში აშშ-ში უმუშევრობამ 4.6%-ს მიაღწია, რაც ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმუმია.
ოთხშაბათის ვაჭრობისას ვერცხლის სპოტური ფასი უნციაზე 65.91 აშშ დოლარი იყო, რაც წინა სესიის დახურვასთან შედარებით 3.3%-ით მეტია. სესიის დასაწყისში ის უნციაზე 66.52 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
წლის დასაწყისიდან ვერცხლის ფასი 128%-ით, ოქროს კი 65%-ით გაიზარდა.
ოთხშაბათს ოქროს სპოტური ფასი 0.4%-ით გაიზარდა და უნციაზე 4,318.99 აშშ დოლარი შეადგინა.
ოქროს ბაზარს კვლავ მხარს უჭერს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი, ეკონომიკური გაურკვევლობა და გეოპოლიტიკური დაძაბულობა, აღნიშნავს ActivTrades-ის ანალიტიკოსი რიკარდო ევანგელისტა.
პლატინის ფასი 4.2%-ით გაიზარდა და უნციაზე 1927.35 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17 წლის მაქსიმუმია, ხოლო პალადიუმი 2.2%-ით გაიზარდა და უნციაზე 1638.96 აშშ დოლარი შეადგინა.




