2025 წელს უძრავი ქონების ბაზარი, გაყიდვების კუთხით, დიდწილად 2024 წლის ტენდენციებს იმეორებდა. მიუხედავად რამდენიმე შედარებით პასიური თვისა, საერთო ჯამში ბაზარზე ნორმალური მოთხოვნა შენარჩუნდა, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
როგორც ბესო ორთოიძე განმარტავს, 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი დეველოპერების მხრიდან შიდა განვადებების გაზრდილი შეთავაზება იყო.
“2025 წელი ძალიან ჰგავდა 2024 წელს. რამდენიმე თვე აქტივობა შენელებული იყო, თუმცა ძირითად ნაწილში ნორმალური მოთხოვნა იყო. ჯამურადაც, პირველად ბაზარზე, დაახლოებით იგივე რაოდენობის ბინები გაიყიდა, რაც 2025 წელს. ფასის ნაწილი უმნიშვნელოდ იყო გაზრდილი, რამაც მთლიანი მოცულობა, რა თქმა უნდა, გაზარდა. მნიშვნელოვანია სტაბილური მოთხოვნა შევინარჩუნოთ.
წელს გასული წლებისგან განმასხვავებელი იყო დეველოპერების მხრიდან შიდა განვადებების გაზრდილი შეთავაზება. აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი საბანკო სექტორის მხრიდან იპოთეკური სესხების დაფინანსების შეფერხება გახდა. თითქმის ყველა კომპანიას ჰქონდა შეთავაზება გრძელვადიანი შიდა განვადებები, რამაც იპოთეკური სესხების ნაწილი ჩაანაცვლა. ეს იყო მთავარი განმასხვავებელი 2024 წლის 2025 წელთან შედარებით. ეს როგორც დროებითი მოვლენა სექტორისთვის შესაძლოა მისაღები იყოს, თუმცა ვფიქრობ, რომ გრძელვადიანად ეს არ არის სწორი. ბანკის, ფინანსური ინსტიტუტების საქმეა მსგავსი პროდუქტის დამუშავება და ბაზრისთვის მიწოდება. დეველოპერი ვერ შეისწავლის მომხმარებლის გადახდისუნარიანობას. ე.წ. პორტფელს მართვა და ცოდნა სჭირდება. შესაბამისად, ვფიქრობ, სწორი იქნება, რომ საბანკო სექტორისგან მოხდეს მსგავსი ტიპის სესხების დაფინანსება. ვიმედოვნებ, რომ ეს მომდევნო წლებში დარეგულირდება და ტრადიციულად გაგრძელდება.
დეველოპერების მხრიდან საინვესტიციოდ საინტერესო ლოკაციად თბილისი რჩება, თუმცა გააქტიურებულია სხვა ქალაქებიც. მათ შორის, რუსთავის, ქუთაისის და ა.შ, რაც ძალიან კარგია. თუ ჩვენი ქვეყნის ურბანიზაციის მაჩვენებელს შევხედავთ – ვნახავთ, რომ ბევრი განვითარებული ქვეყნის პარამეტრებს ჩამორჩება. ჩვენთან ურბანიზაცია რატომღაც მხოლოდ თბილისმა და ბათუმმა განიცადა და სხვა დიდი ქალაქებიც უნდა გაიზარდოს. ცუდია, როდესაც კონკრეტულად მარტო დიდ ქალაქზე მოდის მთელი ურბანიზაციის წილი. ვხედავთ, რომ ქუთაისსა და რუსთავში საკმაოდ სწრაფად მოხდა ახალი პროექტების დაწყება, რაც ძალიან კარგია”, – აცხადებს ბესო ორთოიძე.
მანვე აღნიშნა, რომ კადრების დეფიციტის კუთხით გამოწვევები ისევ არსებობს და აღნიშნულის გამოსწორებას საკმაოდ ბევრი წელი სჭირდება. მისივე შეფასებით, ბოლო წლებში მშენებლობის მოცულობა გაიზარდა, რაც კადრების ზრდით დაბალანსებული არ არის.




