„ჩვენი თხოვნაა, არ მოხდეს ბიზნესოპერატორების ორმაგი რეგულირება“

ხმარებიდან ამოღებული ავტომობილები შესაძლოა, ახალ რეგულაციებს დაექვემდებაროს. ამ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე მუშაობენ. თუმცა, კონკრეტულად რა გაიწერება რეგლამენტში, ჯერჯერობით უცნობია.
იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა ახალ რეგულაციაზე მუშაობს, ინფორმირებულები არიან ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „ჩვენი თხოვნაა, არ მოხდეს ბიზნესოპერატორების ორმაგი რეგულირება“.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მარტივად ამტვერებადი და აალებადი მასალების, მეორადი ნაწილების, მეორადი საბურავებისა და ჯართის განთავსება/რეალიზაციის წესების მოსალოდნელი გამკაცრების ფონზე, თბილისის ტერიტორიაზე ავტოსერვისების კომპანიების გაფრთხილება მიმდინარეობს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ რამდენიმე კომპანიაში განუცხადეს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციისგან მცირე და საშუალო ბიზნესები იღებენ გაფრთხილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებულ მისამართებზე ფუნქციონირების გაგრძელებას 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ვეღარ შეძლებენ, ან ზოგიერთ შემთხვევაში, ფუნქციონირების გასაგრძელებლად გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, რომ ორი სხვადასხვა უწყების მიერ, დროის მცირე მონაკვეთში ამოქმედებულმა რეგულაციებმა, შესაძლოა, ბიზნესოპერატორებს პრობლემები შეუქმნას.
„შევხვდით თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის ხელმძღვანელობას და გადავეცით ჩვენი თხოვნა. მუნიციპალიტეტი 1-ელი იანვრიდან რეგულაციების აღსრულებას იწყებს. სავარაუდოდ, მოგვიანებით გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვენი თხოვნაა, არ მოხდეს ბიზნესოპერატორების ორმაგი რეგულირება და მათი ორმაგად დაჯარიმება. შეთანხმებული იყოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, რა მიმართულებით მიდის რეფორმა. იცოდნენ წინასწარ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ბიზნესოპერატორები, რომ არ გასწიონ ორმაგი ხარჯები. იანვარშიც წავიდნენ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით, რასაც სექტემბერში სოფლის მეურნეობა შემოიღებს. თუ ვერ გასწევენ ამ ხარჯებს, იცოდნენ თავიდანვე და უარი თქვან. ან თუ სურვილი ექნებათ, სხვა სფერო აირჩიონ საქმიანობისთვის.
ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ არ აღმოჩნდნენ ახალი რეალობის წინაშე მალევე და თავიდანვე იზრუნონ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რაც საჭიროა. მოთხოვნები იყოს ერთი, კონკრეტული, კარგად გაწერილი და ჩამოყალიბებული. ასევე იყოს კარგად გამიჯნული, რომ არ მოხდეს ორმაგი რეგულაცია, ორმაგი აღრიცხვა და დაჯარიმება ბიზნესოპერატორების.
სოფლის მეურნეობამ საბურავების, ზეთების და აკუმულატორების ნაწილი უკვე გაუშვა. ახლა დარჩა მეორადი ავტომობილების ნაწილების მიმართულებით ასამუშავებელი რეგულაციები. მუნიციპალური ინსპექციის რეგულაციები არის ზოგადი, ყველაფერს ეხება, აქ კი დეტალიზაციაზეა საუბარი. თუმცა, ოფიციალური მხარეა ასეთი და ზოგჯერ სხვა არის ხოლმე რეალობა. არ გამოვრიცხავ, მეორადი ავტომობილების ნაწილების ბაზრობაზე შევიდეს ან ერთი ან მეორე და უთხრას, რომ არ არის დაგებული ასფალტი წესისამებრს, თქვათ ღია ცის ქვეშაა, ბაზრობიდან გამოდის მტვერი და აწუხებს მოსახლეობას. ამიტომ ეს ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს გაწერილი როგორც ერთი, ისე მეორე უწყების მიერ. რაც მთავარია, მოთხოვნები უნდა იყოს იდენტური. როგორც გითხარით, ოფიციალურად მხოლოდ ავტომობილების მეორად ნაწილებს ეხება ახლა სოფლის მეურნეობა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებიან, მუნიციპალურის კი ზოგადი დოკუმენტია და სხვა მიმართულებებსაც მოიცავს. თუმცა, კვეთა ამ ნაწილშიც ძალიან დიდია.
მიიღეს ეს ჩვენგან როგორც ადეკვატური თხოვნა. აუცილებლობაა ამისი, რომ მოხდეს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის კომუნიკაცია. გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებიან და მოგვაწვდიან ინფორმაციას, რა შედეგზე გავიდნენ. დიალოგი უნდა შედგეს ორ უწყებას შორის და ჩვენ დაველოდებით ამ შედეგებს“, – განაცხადა ნონიაძემ.
რა ახალ რეგულაციებზე მიმდინარეობს მუშაობა, საკითხის დაზუსტების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავუკავშირდით.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, მიმდინარეობს ხმარებიდან ამოღებული ავტომობილების რეგლამენტზე მუშაობა. რეგლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან უნდა შევიდეს ძალაში. სამინისტროში ამბობენ, რომ აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს ბიზნესთან. დამატებით დეტალებზე, კონკრეტულად რა ცვლილებების ამოქმედება იგეგმება, უწყებაში არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ რეგლამენტის საბოლოო ვარიანტი ჯერ შემუშავებული არ არის.